GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ინტერვიუ
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დაჭრილი თანამებრძოლის დასახმარებლად მისულ 19 წლის ზურაბ ტატულაშვილს სნაიპერიდან ესროლეს
01:29 07.08.2012
დღის სიახლეები

19 წლის ზურაბ ტატულაშვილის გმირობაზე ლეგენდებს ჰყვებიან. რუსეთ-საქართველოს ომში, 2008 წლის 8 აგვისტოს, მისი სუნთქვა სნაიპერის ტყვიამ მაშინ შეაჩერა, როცა დაჭრილი თანამებრძოლის დასახმარებლად მივიდა. მტრის ტყვია 19 წლის გმირს გულში მოხვდა. მისი გადარჩენის იმედი აღარ იყო, იმისთვის, რომ ზურაბ ტატულაშვილი დამხმარე ჯგუფს ადვილად ეცნო, თანამებრძოლებმა ხესთან დასვეს, მასზე მიყრდნობილი. გარდაცვლილი შვილი, ზურაბ ტატულაშვილის დედამ ტელევიზიით ნახა... 

ზურაბ ტატულაშვილის თანამებრძოლი, ხვიჩა დოფიძე, მას ასე იხსენებს: "ზურაზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, ის იყო გმირი, რომელიც  საქართველოსთვის გმირულად დაიღუპა. ზურა  რწმენასა და ძალას  გვაძლევდა  ტყვიების   ზუზუნში. თავისი  მამაცური ბრძოლითა და  სიტყვებით: "მიდით ბიჭებო ქართველებს  ვერავინ მოგვერევაო”. მე, ზურა და რამდენიმე  ჯარისკაცი ინტენსიურ  ცეცხლში  მოვყევით ერთ-ერთ გზაჯვარედინზე, ახლაც  მახსოვს  ზურას  სიტყვები: "მიდით ბიჭებო, საცეცხლე  წერტილებს ვესროლოთო”  და ჩვენც გადაადგილებისას საცეცხლე  წერტილებს ვესროდით. რამდენიმე წუთიანი ბრძოლის დროს ზურასკენ გავიხედე და დავინახე, რომ დაჭრილი იყო. შემდეგ, რამდენიმე ჯარისკაცის  ცეცხლის დაზღვევით, ზურა შედარებით უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ, რომ პირველადი დახმარება აღმოგვეჩინა. მაგრამ ზურა უკვე აღარ იყო... მისმა  ბრძოლამ და სიმამაცემ ძალა მოგვცა, რომ იმ ჯოჯოხეთური  ბრძოლიდან  თავი  დაგვეღწია. ზურა ვაჟკაცი იყო და  მუდამ გმირად დარჩება ჩვენთვის."

ზურაბ ტატულაშვილის ოჯახის წევრებმა, რომლებიც გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში ცხოვრობდნენ, არც იცოდნენ, რომ ის ომში იყო. დედამისი, ერედვში მყოფი ძმის გადარჩენაზე ლოცულობდა, როცა შვილი სახლში მიუსვენეს. მოგვიანებით, თავად ნახა კადრში ზურას ცხედარი, ცხინვალის ცენტრალურ ქუჩაზე, ხეზე მიყრდნობილი, ისე, როგორც მისმა მეგობრებმა აუღწერეს.

მარინე ტატულაშვილი, ზურაბ ტატულაშილის დედა: "კადრში დავინახე ჩემი შვილი, ხის ძირას იჯდა, თავჩაქინდრული... გარშემო დაღუპული ბიჭები ეყარნენ, სისხლიანები... ჩემი შვილის სახე თვალებიდან არ ამომდის... ზურა არბოლიშვილის წყალობით მოხდა ჩემი შვილის ცხედრის გამოტანა ცხინვალიდან, მას დაურეკავს კოდორიდან, ტატულაშვილი ცხინვალში არ დატოვოთო. იცოდა მისმა ხელმძღვანელობამ თურმე როგორ იბრძოდა ჩემი შვილი. ზურა ტატულაშვილი რომ არ გვყოლოდა ასეული აღარ ეყოლებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსო ამბობდნენ. სულ წინა ხაზზე მიიწევდაო. სამხიდიანი მანქანა მოდიოდა რუსი ჯარისკაცებით, ზურას, რომ არ აეფეთქებინა ჩვენ დაღუპულები ვიქნებოდითო. 

სნაიპერის ტყვიამ შეიწირა ჩემი შვილი, დაჭრილი თანამებრძოლის საშველად რომ მივიდა მაშინ უსვრია სნაიპერს. ბიჭებმა ხესთან დავსვით, რომ ადვილად ეცნოთ როცა დამხმარე ძალა შევიდოდაო. მერე პიკაპის ტიპის ავტომანქანით შეულან, დიდი რისკის ფასად, მის გამოსაყვანად...

- როგორ მოხვდა ის შს სამინისტროში?

- ჩემი შვილი ჯარში თავისი სურვილით წავიდა, სანამ გაიწვევდნენ. გული ცუდს მიგრძნობდა, არ ვუშვებდი. მეშინია, არეულობაა და ომი არ დაიწყოს მეთქი. ნუ გეშინია დედა, ომი თუ დაიწყო მაინც წინა ხაზზე გავალ საბრძოლველადო მიპასუხა. ზურას დედა განსაკუთრებულად უყვარდა, გულით ავადმყოფი ვარ, ხშირად ვხდებოდი ცუდად, ბევრჯერ გაუთენებია ჩემს საწოლთან ღამე. ჩემი ტკბილი შვილი, ჩემი ერთადერთი მესაიდუმლე იყო. თავის ძმას, დათოს არიგებდა: დედა და მამა არ ანერვიულო, ჯარს რომ მოვიხდი და კონტრაქტზე გადავალ დიდ ნათლობას გადაგიხდიო. 2007 წლის 17 დეკემბერს წავიდა ჯარში, შს სამინისტროს მესამე სამმართველოს მეორე ასეულში მსახურობდა. ძალიან უყვარდა იარაღი და ნადირობა. ტელეფონით ხშირად ვესაუბრებოდი, სანახავად არ ჩავსულვარ. 25  ოქტომბერს, დაბადების დღეზე უნდა ჩავსულიყავი. მეუბნებოდა იმდენ კარგ რამეს მოისმენ ჩემზე, გახარებული დაბრუნდები სახლშიო. მამამისი და ჩემი ძმა ხშირად ნახულობდნენ. 7 ივლისს, სოფელში დღესასწაული იყო, ერთი დღით გაეთავისუფლა უფროსს და ჩამოვიდა. 8 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო, თავის ოცეულთან ერთად კოდორში მიდიოდა. გული არ მიუწევდა სახლიდან, ჩემს ლოგინში ძილი რა კარგიაო... ისეთი ნაღვლიანი სახე ჰქონდა, გული დამიმძიმდა, გავიფიქრე ცუდი არაფერი დაემართოს მეთქი, ჩუმად ვლოცულობდი, პირჯვარი გადავსახე... მეგობრებმა სამარშუტო ტაქსის გაჩერებამდე მანქანით წაიყვანეს. სამჯერ გადმოსულა სამარშუტო ტაქსიდან, გვეხვეოდა, ვეღარ გვცილდებოდაო, ალბათ რაღაცას უგრძნობდა გულიო. იმ საღამოს წაიყვანეს კოდორში ერთი თვით. ერთი თვის შემდეგ ომიც დაიწყო. უფროსებს უკითხავთ, შეიძლება ცხინვალში შეგიყვანოთ და ყუმბართმტყორცნს ვინ დაიჭერსო? ომი ჩემს რეგიონშია და მე დავიჭერო უთქვამს. ზურა ყუმბართმტყორცნს ისროდა.

- თქვენ არ იცოდით რომ ის ცხინვალში იყო?

- არა, ჩემი შვილი ისევ კოდორში მეგონა. არ მითხრა რომ ცხინვალში მიდიოდა, ბიძაშვილისთვის დაურეკავს და გაუფრთხილებია დედას არ გააგებინო, ინერვიულებსო. 7 აგვისტოს ცხინვალის მხრიდან ღამით ცა სულ წითელი იყო. მე ერედვიდან ვარ, ჩემი ძმა ერედვში იყო, საშინელი წინათგრძნობა მქონდა და ვფიქრობდი ის არ მომიკვდეს მეთქი, ხშირად ვურეკავდი. ვიძახდი, კიდევ კარგი ჩემი შვილი კოდორშია, იქ არაფერი დაუშავდება მეთქი, თურმე ცხინვალში იყო უკვე. ჩემი ძმა გაუფრთხილებია, ბებია და ბაბუა ერედვს მოაცილე და ფლავისმანში ჩაიყვანეო. 8 აგვისტო რომ გათენდა ძლიერი აფეთქების ხმები გვესმოდა, საშინელი დაძაბულობა იყო, სახლში ვეღარ გავჩერდი, ეზოდან გავედი და დავინახე ყველა ტიროდა. ვეკითხებოდი რა ხდება მეთქი, არავინ მპასუხობდა. აკანკალებული შემოვბრუნდი ეზოში და ჩემმა მაზლის ცოლმა მითხრა, ზურა დაჭრესო, ოღონდ მსუბუქად არის დაჭრილი და არ შეგეშინდესო, გონება დავკარგე. რამდენიმე ხნის მერე გონს რომ მოვედი დავინახე ჩემი ეზო სავსე იყო ხალხით, ვიძახდი ნეტა მართლა დაჭრილი მომიყვანონ ჩემი შვილი, მკვდარი არ იყოს, ცოცხალი დავინახო მეთქი. ისევ დავკარგე გონება, თვალი რომ გავახილე მეზობლები სახლს ალაგებდნენ... მოუსვენებიათ ჩემი შვილი და ეზოში ვერ შემოჰყავდათ, ჯარისკაცის ფორმა ეცვა... ჩემს მაზლიშვილთან დაურეკავთ, გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი, დაღუპულია და მიხედეთო. ორ მეზობელთან ერთად წასულა მანქანით, ტყვიების ზუზუნში. მადლობელი ვარ მათი, დიდი რისკი იყო აქედან გორში წასვლა. მთელი სოფელი ტიროდა ჩემი შვილის ცოდვით."

რუსულმა აგრესიამ 19 წლის გმირის საკადრისად დაკრძალვაც არ აღირსა ოჯახს. სოფელი ყოველწუთს იბომბებოდა, ხალხი შიშით ქუჩაში ვერ მოძრაობდა, თანასოფლელები ზურას ოჯახს ვერ ტოვებდნენ. ქელეხისთვის საჭირო სურსათის ჩამოსატანად თბილისში გაგზავნილი ავტომანქანა უკან ვერ დაბრუნდა. იგოეთთან გზა დაკეტილი იყო. დედამისი იხსენებს, რომ მესამე დღეს, ნახევრად გათხრილ საფლავში ჩაასვენეს ზურა. 

მარინე ტატულაშვილი: "ორი დღე დავიტირეთ ზურა, მესამე დღეს აღარ დაგვცალდა, ტყვიების ზუზუნი იყო, განუწყვეტლად ბომბავდნენ სოფელს, ქელეხიც ვერ გადავუხადეთ, სურსათის ჩამოსატანად თბილისში წასული მანაქანა სოფელში ვერ დაბრუნდა, გზები ჩაიკეტა. მესამე დღეს, საღამოს დავკრძალეთ ჩემი შვილი, ნახევრად გათხრილ საფლავში ჩავასვენეთ, ისიც ძლივს გათხარეს, ყოველწუთს იბომბებოდა სოფელი, ყვავილიც არ ღირსებია ჩემს შვილს... დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გვერდით მედგა. მე, გამწარებული დედა არ მიმატოვეს. ზურა რომ დავკრძალეთ სოფელი დაიცალა. ჩემმა შვილმა მითხრა, შენს გარეშე აქედან არ წავალო. ვიფიქრე ეს მაინც გადავარჩინო მეთქი და იმ ღამეს მეც წავედი თბილისში. გზაშიც საშინელება გადავიტანეთ...

 სექტემბრის შუა რიცხვებში დავბრუნდით სოფელში, ორმოცი სოფელში გადავუხადეთ, ზურას თანამშრომლები და ხელმძღვანელებიც იყვნენ ჩამოსული. მადლობელი ვარ, რომ ჩემს შვილს არ ივიწყებენ, ყოველ 8 აგვისტოს მისი საფლავი სავსეა ხალხით. მიყვებიან ზურას გმირობაზე,  ჩემი ლამაზი შვილი, ყველას გულში ცოცხალ გმირად დარჩა. ვერ შემისრულა დაპირება: დედა, სავალდებულო სამხედრო სამსახურს რომ გავივლი და კოტრაქტით დავიწყებ მუშაობას, რაც ტკივილი და გაჭირვება გადაიტანე, ყველაფერს ერთად დაგავიწყებო. მე კიდევ არ მცოდნია როგორი ვაჟკაცი მყავდა..."

მეგობრებმა, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომში მის გვერდით იბრძოდნენ, ზურა ტატულაშვილს ლექსი მიუძღვნეს:

"ვერ იხარებს   სამშობლოში სილაჩრე,

სიმამაცე სიცოცხლეზე დიდია,

საქართველო ომში გადაარჩინეს,

უკვდავები რა ლამაზად მიდიან!

ბრძოლის  ველზე ცეკვავს  ცეცხლის ხორუმი,

რუსის  ჯარიც აღტაცებას  ვერ ფარავს.

გმირთა გმირი - ზურაბ ტატულაშვილი,

საქართველოს მკერდით გადაეფარა..."

წყარო

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს ახალი ანეკდოტი მიუძღვნა1
სკანდალური ვიდეო: მამუკა არეშიძის მიერ მოსყიდვის მიზნით ფულის გადაცემის ჩანაწერი (VIDEO)2
ბიძინა ივანიშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ ქუჩაში გასვლა საჭირო არ გახდება3
„ნაციონალური მოძრაობა“ საპროგრამო დოკუმენტს „ხელშეკრულება საქართველოსთან“ ყველა ოჯახს გააცნობს4
დაჭრილი თანამებრძოლის დასახმარებლად მისულ 19 წლის ზურაბ ტატულაშვილს სნაიპერიდან ესროლეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X