კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
როგორც ივანიშვილის მიერ გავრცელებულ
განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლება არჩევნებამდე პროვოკაციების მოწყობას
შეეცდება.
„დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა სიმშვიდე და კეთილგონიერება. მორალურად გაკოტრებული ხელისუფლება შეეცდება პროვოკაციების მოწყობით აგვაცდინოს არჩევნებში გამარჯვების გზას. გვესმის ყველასი, ვინც დღეს საჯაროდ გამოხატავს პროტესტს და მონაწილეობს სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებში. მაგრამ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია მთელი ჩვენი ძალებისა და ენერგიის მიმართვა არჩევნების დღისკენ. 1-ელ ოქტომბერს საერთო ეროვნულ აქციაზე - არჩევნებზე - უნდა გამოვხატოთ ჩვენი ინდივიდუალური და საერთოეროვნული
ნება და შევქმნათ ზნეობისა და კონსტიტუციის პატივისმცემელი ხელისუფლება“,-
ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილი სამართალდამცავებსაც მიმართავს და აცხადებს, რომ ვისაც სინდისი სუფთა აქვს მას კანონის წინაშე პასუხისგება არ მოუწევს.
„მივმართავთ ყველა სამართალდამცველს და საჯარო მოხელეს, ვისაც სინდისი სუფთა აქვს - თქვენი რეპუტაცია იქნება დაცული და თქვენ არ მოგიწევთ სხვის ნაცვლად პასუხისგება. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ არც დღეს და არც ხვალ არ მიიღოთ მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში, თავად აჩვენოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის
მაგალითები
და თავი დააღწიოთ მორალისა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასული მმართველი რეჟიმის სამსახურს. ამის შანსი თქვენ ქართველ ხალხთან ერთად გეძლევათ 1-ელ ოქტომბერს",-
აღნიშნულია ივანიშვილის მიმართვაში.
internet.ge