GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდთან დაკავშირებით
21:06 12.10.2012
დღის სიახლეები
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2012 წლის 11 ოქტომბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 21-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელზეც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები განიხილებოდა.

აღნიშნულ მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჟენევის მოლაპარაკებათა რიგით 21-ე რაუნდს ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის არჩეული წევრები პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით დაადასტურეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ ერთგულება და ამ პროცესის განგრძობადობის მნიშვნელობა. ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდს ასევე ესწრებოდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები.

10 ოქტომბერს გაიმართა საინფორმაციო სესია უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებით. მსხვერპლთა ნეშტის ადგილსამყოფლის შესახებ ირლანდიის დამოუკიდებელი კომისიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს კომისიის შექმნის ისტორიული კონტექსტი, მისი უნიკალური ინსტიტუციონალური მექანიზმები და საქმიანობა. კონკრეტული შემთხვევების შესწავლის საფუძველზე, ექსპერტებმა წარმოადგინეს ის მეთოდები და საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც კომისია უზრუნველყოფს თავისი მკაცრად განსაზღვრული ჰუმანიტარული მანდატის განხორციელებას, კერძოდ კი იმას, რომ კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიება იყოს განცალკევებული მართლმსაჯულების სისტემისგან.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ძალის არ გამოყენების საკითხი. საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და საქართველოს მსგავსად, აიღოს ძალის არ გამოყენების ვალდებულება. დისკუსიების შედეგად, ექსპერტთა ჯგუფს დაევალა თანათავმჯდომარეთა მიერ წარმოდგენილი წინადადების გადახედვა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა უკანასკნელი მოსაზრებების გათვალისწინებით. მოსამზადებელი სხდომის ყველა მონაწილემ დააფიქსირა საერთო შეშფოთება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, თუმცა, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით რჩება განსხვავებული მოსაზრებები. საქართველოს მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამზადებელი სხდომა სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და სხვა მონაწილეებს მოუწოდა გადაუწყვეტელი საკითხების კონსტრუქციული და თანმიმდევრული განხილვისკენ.

თანათავმჯდომარეები მოდიფიცირებულ დოკუმენტს განსახილველად წარუდგენენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 22-ე რაუნდის მონაწილეებს.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა სოხუმის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) გამუდმებულ ხელის შეშლასთან დაკავშირებით. საქართველოს მხარემ ხაზგასმით აღნიშნა IPRM-ის დროულად აღდგენის მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ქმედით მექანიზმს. სამწუხაროდ, საქართველოს მხარის კონსტრუქციული წინადადებების მიუხედავად, რომლებიც თანათავმჯდომარეებმაც გაიზიარეს, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს ანდრჟეი ტიშკევიჩს კვლავ არ აქვს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა.

თანათავმჯდომარეებმა მოიწონეს რეგიონში რუსეთის სამხედრო მანევრების მიმდინარეობისას საქართველოს მხრიდან გამოჩენილი თავშეკავება. თანათავმჯდომარეებმა შეშფოთებით აღნიშნეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, ცხინვალი რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შეინიშნებოდა სამხედრო ძალების კონცენტრაცია, რაც 2008 წლის შემდეგ უპრეცენდენტო ფაქტს წარმოადგენს. თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს მოუწოდეს უზრუნველყონ სამხედრო ნაწილების გადაადგილების გამჭვირვალობა.

მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. საქართველოს დელეგაციამ მკაფიო პროტესტი დააფიქსირა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსული საჰაერო ხომალდების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცეში მრავალგზის უკანონო შემოჭრასთან დაკავშირებით.

სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების, ასევე მოსკოვის წარმომადგენლებმა ერთობლივი ძალისხმევა გასწიეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლის მიზნით, რომელიც ითვალისწინებდა მონაწილეთათვის დელეგაციების სტატუსის მინიჭებას და მეორე სამუშაო ჯგუფის ჰუმანიტარულ საკითხთა დღის წესრიგის დაქვემდებარებას სტატუსზე ორიენტირებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა და თანათავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჟენევის მოლაპარაკებათა შეთანხმებული ფორმატის უცვლელად დატოვების გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მათ ასევე მიუთითეს, რომ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საკითხები შესაძლებელია და განხილულ უნდა იქნას იმ პროცესის ფარგლებში, რომელიც განცალკევებულია საბოლოო პოლიტიკური შეთანხმებისგან.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მნიშვნელობა, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. საქართველოს მხარემ ღრმა შეშფოთება გამოთქვა გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე ბოლო დროს დაწესებულ შეზღუდვებთან, კერძოდ, განათლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

პროგრესი არ დაფიქსირებულა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც განიხილეს მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები კვლავაც აგრძელებდნენ ამ უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული საკითხების დაბლოკვას. უპასუხოდ დარჩა საქართველოს მხარის წინადადება, რომელიც შეეხებოდა მოლაპარაკებათა წინა რაუნდზე გარკვეული კატეგორიის პირებისთვის საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს არსებულ სასაფლაოებზე, კულტურულ და რელიგიურ ადგილებზე ჰუმანიტარული ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობის მიცემას.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს მონაწილეებმა თანათავმჯდომარეებს მიაწოდეს ფაქტობრივი მონაცემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთ უფლებებზე, როგორიც არის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფლება დევნისა და თვითნებური დაკავებისგან, გადაადგილების თავისუფლება. განსაკუთრებით მწვავე შეშფოთება გამოითქვა ლეონიდ თიბილოვის მიერ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ქართული ნასოფლარების განადგურების გეგმებს. გაჟღერდა მოწოდება უზრუნველყოფილ იქნას ადგილზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგი. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია გაიგზავნოს პოზიტიური სიგნალი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის, რისთვისაც ყველა მხარემ მკაფიოდ უნდა დაადასტუროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მთავარი პრინციპებისადმი ერთგულება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 22-ე რაუნდი გაიმართება 2012 წლის დეკემბერში.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციამ ახალი ვირუსი აღმოაჩინა1
ლევან ბეჟაშვილი: ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აშანტაჟებენ2
გლდანის ციხესთან პატიმრების მშობლები იკრიბებიან3
ლევან ვარშალომიძემ მუსლიმებს ყურბან–ბაირამი მიულოცა4
პოლიციამ უსახლკარო მამაკაცს სცემა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X