GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კონტროლის პალატა პარტიების მონიტორინგის შესახებ განცხადებას ავრცელებს
11:54 16.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური სუბიექტების შემოსავლებისა და ხარჯების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნით,  პარტიების  ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი  განახორციელა.

უწყება მონიტორინგის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

“კანონით მონიჭებული მანდატის ფარგლებში, სამსახურმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“  და მის „კოალიციაში“  შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების კანონიერება შეისწავლა, რადგან ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად,  განხორციელებულ  საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის შეუსაბამობა აღმოჩნდა. საქართველოს კონტროლის პალატაში წარდგენილი საფინანსო დეკლარაციების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ დეკლარირებული საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯები.

პოლიტიკური სუბიექტებისათვის საოფისე ფართების დაქირავებას და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საკუთარი სახსრებით შპს „მენეჯმენტ სერვისი“ ახორციელებდა, რომელიც  თავის მხრივ, უშუალო სარემონტო პროცედურების შესრულებას შპს „ბურჯს“ უკვეთავდა. ორივე ზემოაღნიშნული კომპანიის დამფუძნებელია ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია და ორივე მათგანის წარმომადგენელი  საქართველოში ფიზიკური პირი კახა კობიაშვილია. ორივე საწარმოს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ნოე ქინქლაძე, რომელიც ამავდროულად არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრი და მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან, მათ შორის კონტროლის პალატასთან ურთიერთობაში. აღნიშნულ კომპანიებს საბუღალტრო მომსახურებას უწევს გიორგი ქსოვრელი, რომელიც ამავე  დროს არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ ბუღალტერი, ხელს აწერს კონტროლის პალატაში წარსადგენ ფინანსურ დოკუმენტაციებს, რომელიც იგზავნება ნოე ქინქლაძის სახელით. ამდენად,  შპს „მენეჯმენტ სერვისის“ და  შპს „ბურჯის“  ხელმძღვანელები  და ფინანსური  საქმიანობის აღრიცხვაზე  პასუხისმგებელი პირებიც კი, ამავდროულად, დასაქმებულები არიან ააიპ „მოძრაობა ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტთან პირდაპირ კავშირში იმყოფებიან.

შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ 2012 წლის თებერვლიდან საიჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული  ბიზნესი წამოიწყო, რომლის მიხედვითაც იგი ახორციელებდა საოფისე ფართების დაქირავებას, მათ გარემონტებას, ავეჯით და ტექნიკით უზრუნველყოფას და პოლიტიკურ პარტიებზე ქვექირავნობით გადაცემას. მათ მიერ პოლიტიკურ პარტიებთან უკვე გაფორმებულია ქვექირავნობის 60 ხელშეკრულება. ფართების დაქირავებიდან რამდენიმე დღეში, ხშირ შემთხვევაში მეორე დღესვე, შპს „მენეჯმენტ სერვისი“ დაქირავებულ ფართებს ქვექირავნობით პოლიტიკურ პარტიებს გადასცემდა, თუმცა ფართის მესაკუთრეებს წინასწარ უხდიდა რამდენიმე თვის, ხშირ შემთხვევაში იჯარის სრულ თანხას. გამოვლინდა, რომ აღნიშნული ბიზნეს გარიგებები არ იყო  მოგებაზე ორიენტირებული და შესაბამისად, არ ემსახურებოდა კომპანიის სამეწარმეო მიზნებს.

ქირავნობის და ქვექირავნობის ხელშეკრულების შესწავლისას მთელი რიგი დარღვევები იქნა აღმოჩენილი. დადგინდა, რომ ხშირ შემთხვევაში შპს „მენეჯმენტ სერვისს“  ფართები უფრო ნაკლები ვადით ჰქონდა ნაქირავები, თუმცა გაცილებით დიდი ხანგრძლივობით მიქირავებული პოლიტიკურ სუბიექტებზე, რაც აბსოლიტურად კანონშეუსაბამო ფაქტია. მაგალითად: გურჯაანში შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საოფისე ფართი იქირავა 11 თვით, ხოლო პარტიას მიაქირავა 22 თვით;  თელავში „ბანკი ქართუსგან“  იქირავა 10 თვით, ხოლო პარტიას მიაქირავა 19 თვით, ხობში ოფისი იქირავა 11 თვით, პარტიებს მიაქირავა 20 თვით და ა.შ.  სამსახურმა მიიჩნია, რომ ხელშეკრულებებში ქირავნობის  არარეალური ვადების გაწერა მიზნად ემსახურება დადებული გარიგებების ნამდვილი შინაარსის შენიღბვას, რადგან რეალური ვადების და რეალური ხარჯების მითითების შემთხვევაში, ცალსახად თვალსაჩინო გახდებოდა, რომ სამეწარმეო სუბიექტი წაგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას ახორციელებდა და უსასყიდლო მომსახურებას უწევდა პოლიტიკურ სუბიექტებს, რაც ბუნებრივია, იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებული მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ მთელ რიგ ოფისებში, მხოლოდ მინიმალური ხარჯების გათვალისწინებით, შპს „მენეჯმენტ სერვისის“  მიერ გაწეული ხარჯები, მნიშვნელოვნად აღემატება პარტიების მხრიდან მრავალი თვის გადანაწილებით პოტენციურად მისაღებ შემოსავალსაც კი (მაგალითად:  ლანჩხუთი, ჩოხატაური, ფოთი, ჭიათურა).

იმის მიუხედავად, რომ მთელ რიგ ოფისებში საკმაოდ ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, საქართველოს კონტროლის პალატამ იხელმძღვანელა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ყველაზე დაბალი ხარისხის სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულებით და გარემონტებული ფართების მოცულობის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ თავად შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ მოწოდებულ ნარდობის ხელშეკრულებებს, რომლის საფუძველზეც განსაზღვრა, რომ შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ კოალიციაში შემავალი პარტიების „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“-ს სარგებლობაში არსებული ფართების სარემონტო სამუშაოებზე  476.619.51 ლარის ხარჯი გასწია, რაც წარმოადგენს იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე შპს „მენეჯმენტ სერვისი“ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. 2012 წლის 14 მაისს, საქართველოს კონტროლის პალატაში გაიმართა ადმინისტრაციული საქმის განხილვა, რა დროსაც ფინანსური მონიტრინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევები კომპანიის წარმომადგენლებმა მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით ახსნეს.

იმის გამო, რომ განხილული მტკიცებულებებით  ერთმნიშვნელოვნად  დადასტურდა შპს „მენეჯმენტ სერვისის“  მიერ  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ დარღვევის ფაქტი, იგი დაჯარიმდა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობის ათმაგი ოდენობით, რადგან მას, როგორც იურიდიულ პირს, არ ჰქონდა რაიმე სახის შემოწირულობის განხორციელების უფლება.

საქართველოს კონტროლის პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ იზღუდება სამეწარმეო საქმიანობა და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გაუწიოს მომსახურება პოლიტიკურ სუბიექტებს მათი სამეწარმეო მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა ეს არ უნდა ხორციელდებოდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლის  მიზნით“,- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბათუმში ქალბატონს მატარებელი დაეჯახა1
კახა კალაძე: ყურადღებას მცირე და საშუალო ჰესებზე გავამახვილებ2
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.3
აფეთქება ჭიათურის მაღაროში4
ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებას ეხმაურება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X