20-21 მაისს, ჩიკაგოში გამართული ნატო-ს სამიტის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველომ
მონაწილეობა მიიღო სამიტის ფარგლებში ჩატარებულ ყველა - როგორც „პარტნიორობის“,
ისე „ასპირანტების“ ფორმატში გამართულ შეხვედრებში.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურების მიერ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებულ სამიტის დეკლარაციაში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რიგი საკითხებია ასახული, კერძოდ:
ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბუქარესტის, სტრასბურგი-კელისა და ლისაბონის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოკავშირეები ადასტურებენ ძლიერ მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების მსურველი პარტნიორების ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, მიესალმებიან ამ ოთხი პარტნიორის მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნავენ, რომ მათი შეფასება მოხდება ინდივიდუალურად, აგრეთვე გამოხატავენ მზადყოფნას განაგრძონ მათი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
ასევე საგულისხმოა ალიანსის წევრების განცხადება, რომ ნატო-ს
გაფართოებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოკავშირეების უსაფრთხოებას, შესაბამისად, შემდგომი გაფართოებაც გააძლიერებს სტაბილურობას ევროპაში.
სამიტის დეკლარაციის საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში, მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“. ამასთან აღნიშნულია „ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) და წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) წამყვანი როლი ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის ზედამხედველობაში.“
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ მოკავშირეები მიესალმებიან, „ბუქარესტის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით, რეფორმების, წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ალიანსთან აქტიური პოლიტიკური თანამშრომლობის შედეგად.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსა და ალიანსს შორის ურთერთქმედება „პოლიტიკური დიალოგის, პრაქტიკული თანამშრომლობისა და ურთერთთავსებადობის გაძლიერების გზით“ - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყება ხაზს
უსვამს დეკლარაციაში შეტანილ პუნქტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ
მთლიანობასა და ოკუპირებულ რეგიონებს, ასევე რუსეთს ეხება. კერძოდ:
„ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა და მიესალმნენ საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას, ისევე, როგორც რუსეთთან მიმართებაში განხორციელებულ „სხვა ცალმხრივ ღონისძიებებს“.
აქვე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებულ ვალდებულებას და რუსეთის მიერ „საპასუხო ვალდებულების“ აღების აუცილებლობას. მოკავშირეებმა კვლავ მოუწოდეს რუსეთს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ.
ალიანსის წევრებმა აღნიშნეს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლოს, როგორც ერთმანეთთან, ისე ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირთან“ - ნათქვამია საგარეო უწყების
განცხადებაში და კიდევ ერთ მნიშვნელოვან პუნქტადაა დასახელებული ნატო-რუსეთის ურთიერთობისადმი მიძღვნილი პარაგრაფი, სადაც მოკავშირეებმა აღნიშნეს რუსეთთან არსებული უთანხმოებები „სპეციფიკურ“ საკითხებზე და ამ კონტექსტში, კვლავ მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებები.
„ხაზი უნდა გაესვას, რომ მოკავშირეებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სამხედრო ინფრასტუქტურის მშენებლობის საკითხზე და მოუწოდეს რუსეთს უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება საქართველოს ტერიტორიაზე“
- ნათქვამია საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
internet.ge