დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს,
რომელიც ახალგაზრდებს შორის მომხდარ "ქუჩური გარჩევის” საზარელ შემთხვევას ეხება.
22 წლის
გიორგი კენჭაძის მკვლელობის საქმემ, რომელიც თბილისში, კანცელარიის მიმდებარე
ტერიტორიაზე, 2010 წლის 30
დეკემბერს მოხდა, სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.
პირველი
ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი კენჭაძის მკვლელობაში
ბრალდებულ თორნიკე გიგოლაშვილს, რადგან მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა
მოახერხა.
თბილისის
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, "საქმის
მასალების მიხედვით, 2010 წლის ნოემბერში გიგოლაშვილმა ტელეფონის საშუალებით
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი კენჭაძის მეგობარ გოგონას, რამაც მათ შორის
ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. აღნიშნულ ინციდენტს მოჰყვა ე.წ. "ქუჩური
გარჩევები”, რა დროსაც ახალგაზრდები სასტიკად გაუსწორდნენ ერთმანეთს. გიორგი
კენჭაძის მიმართ შურისძიებით განმსჭვალულმა გიგოლაშვილმა, გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ.
"აბრეზი”, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. ის ელოდებოდა შესაბამის
მომენტს, როდესაც საშუალება მიეცემოდა და გიორგი კენჭაძეს სიცოცხლის მოსპობით
გაუსწორდებოდა.
2010 წლის 30 დეკემბერს, გიგოლაშვილმა
შეიტყო, რომ გიორგი კენჭაძე მეგობრებთან ერთად სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე
ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ისინი ალკოჰოლურ სასმელს იღებდნენ. ხსენებულ
ადგილზე გიგოლაშვილი არასრულწლოვან
მეგობართან ერთად მივიდა და ისე, რომ მათ შორის არანაირი საუბარი არ
შემდგარა, თანნაქონი ცეცხლსასროლი
იარაღი გიორგი კენჭაძეს დაუმიზნა და მისი მიმართულებით ერთი გასროლა განახორციელა. გიორგი კენჭაძე მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე
გარდაიცვალა.
გიგოლაშვილს,
სასამართლომ, განზრახ მკვლელობისა და
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და
ტარებისათვის სასჯელის სახედ და ზომად 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მკვლელობას,
რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა, უამრავი თვითმხილველი ჰყავდა. გამოძიების მასალებით დადგენილია, რომ ამ შემზარავ შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწრო. ასევე საუბარი იყო, რომ გიორგი კენჭაძის მკვლელობა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.
internet.ge