|
17:45 09.02.10 - „შეთანხმება – ფუნდამენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის“ „შეთანხმება – ფუნდამენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის“ – ასე აფასებს ზურაბ ნოღაიდელი „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ და პარტია „ედინაია რასიას“ შორის გაფორმებულ დოკუმენტს.
შეთანხმებას ხელი დღეს, 9 თებერვალს მოსკოვში ზურაბ ნოღაიდელმა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა მოაწერეს. . „ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ დღეს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ძალიან დაბალ დონეზეა. ამიტომ, ჩვენს პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დოკუმენტია“, – განაცხადა ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ ნოღაიდელმა.
„სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერის აზრით, დოკუმენტი „ფუნდამენტს უყრის ხვალინდელ დღეს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თანდათან გაუმჯობესდება, მტრობა მეგობრობით და პარტნიორული ურთიერთობებით შეიცვლება“.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩარჩო-შეთანხმებას, მას ბევრი კონკრეტული ქმედება მოჰყვება. ჩვენ, უეჭველია, გავაგრძელებთ იმ საკითხების განხილვას, რომლებზეც გასულ წელს ვსაუბრობდით. ეს არის ავიამიმოსვლის აღდგენა, ექსპორტის შესაძლო განახლება“, – აღნიშნა ნოღაიდელმა. პარტიათაშორისი შეთანხმების გაფორმების შემდეგ, კომენტარი ბორის გრიზლოვმაც გააკეთა.
„ეს შეთანხმება ითვალისწინებს პარტიულ ურთიერთქმედებებს, რაც გულისხმობს კონსულტაციებს, ინფორმაციების და გამოცდილების გაცვლას პარტიული მშენებლობის საქმეში“, _ განაცხადა „ედინაია რასიას“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
„internet.ge“
|
|