უკვე მესამე დღეა საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებულ ჯგუფთან ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.
შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5.
ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დაღესტანში კარგად გაწვრთნილი ჯგუფი მოქმედებდა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეები ტყვედ აიყვანეს.
„სპეცოპერაციის დაწყებამდე ვაწარმოეთ მოლაპარაკებები, შევთავაზეთ დანებება, თუმცა დაჯგუფების წევრებისგან უარი მივიღეთ. ბოლო მძევლის აყვანას მოჰყვა სროლები, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დევნის ოპერაციას სამი ქართველი მებრძოლი შეეწირა, რაც შეეხება დაჯგუფების წევრებს, უპილოტო დაზვერვის შედეგად დადგინდა, რომ შეარაღებულთა აბსოლუტური უმრავლესობა განადგურებულია“,– განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ საკუთარი პრობლემების საქართველოში გადმოტანას არ დაუშვებს.
ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით ამ წუთებშიც გრძელდება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
internet.ge