საქართველოს პრეზიდენტი მესტიაში იმყოფება, სადაც რეაბილიტაციის
პირველი ეტაპი დასრულდა. ქვეყნის პირველმა პირმა მესტიის მუზეუმი გახსნა.
მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს სვანურად მიესალმა. მისი თქმით,
რამდენიმე წლის წინ მესტია დანგრეული და გავერანებული იყო, თუმცა დღეს სვანეთის
დაბრუნების და აღორძინების პერიოდია.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, სვანეთი საშიში ადგილი არ არის, რადგან
აქ ყველაზე დარბაისელი, მშრომელი, დიდი კულტურისა და წესიერი ხალხი ცხოვრობს.
„მინდა ყველაზე კარგი ადგილი იყოს სვანეთი, ყველა სვანის ოჯახში უნდა
შევიდეს სიმდიდრე და დოვლათი. ვიცი, რომ ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს, ყველგან კარგი
გზით არ მივსულვართ, მაგრამ სვანეთში ბევრი რამ გაკეთდა და ათჯერ უფრო მეტს
გავაკეთებ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, წესრიგის
დასამყარებლად ვიღაცეების დევნა ხელისუფლების თვითმიზანი არ ოყო, საჭირო იყო
ადგილზე წესრიგი დამყარებულიყო.
„უსამართლობის განცდა არ უნდა იყოს, ადრე ბევრი დამცინოდა რაღაცეების
კეთება რომ დავიწყე, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ძალიან ჯანმრთელი ერი უნდა
ვიყოთ და ამიტომ მომავალში ყველას დავზღვევთ და დაზღვევის გარეშე არავინ დარჩება.
ასევე უნდა გავაძლიეროთ განათლება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge