ცხინვალში, ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის - იბრაგიმ გასიევის
ბინაში მოწყობილ აფეთქებას პარტია „ედინაია ოსეტია“ ქართულ მხარეს აბრალებს და
მომხდარს ტერაქტის შეფასებას აძლევს.
პარტიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვინც უნდა იდგეს ამ
დანაშაულის უკან ის რესპუბლიკისა და ხალხის მტერია, ამასთან პირდაპირი მოკავშირეა
ძალებისა, რომლებიც სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკას ატარებდნენ 2008 წლამდე“.
„მტერი ისევ აგრძელებს რევანშისტულ გეგმებს და მოკავშირეებად ჰყავს
რენეგატები, რომლებიც თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დანაშაულებრივ
მეთოდებს იყენებენ, აშინებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. მტერი უფრო ძლიერი გახდა“ -
ნათქვამია მიმართვაში.
„ედინაია ოსეტია“ საზოგადოებას ტერორის წინააღმდეგ საყოველთაო
მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
წუხელ ცხინვალში ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბინის კარი
ააფეთქეს. შედეგად არავინ დაზარალებულა.
Internet.ge