გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ სართიჭალის მცხოვრებლებს უკვე მიეცათ საშუალება, სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ პასპორტები, პირადობის, ბინადრობის და სხვა საჭირო მოწმობები, სოციალური დახმარებები, მოახდინონ მიწის რეგისტრაცია, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები. საზოგადოებრივი ცენტრი მათთვის სრულ მომსახურებას კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფს. სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში 10-მდე ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდა.
გარდა ამისა, საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომია "მაგთის", "ლიბერთი ბანკისა" და სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მომსახურება; მოსახლეობა ისარგებლებს უფასო ინტერნეტითა და შეხვედრების ოთახით, სადაც მიიღებს კვალიფიციურ კონსულტაციას სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამებისა და სხვა საკითხებზე.
სართიჭალის საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას ითვალისწინებს. ანალოგიური ცენტრი გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანშიც გაიხსნა. ხვალ კი ამგვარი ცენტრი ხაშურის რაიონის სოფელ გომში გაიხსნება.
internet.ge