„ნაციონალური მოძრაობა“ ლევან რევიშვილთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს
ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, პროკურატურის მიერ გავრცელებულ
ფარულ აუდიოჩანაწერებში, ერთ-ერთი პიროვნება - ლევან
რევიშვილი, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტად არის მოხსენიებული, „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათ აღნიშნულ ფაქტს რევიშვილის მეზობლები
უდასტურებენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში
განუცხადეს, აღნიშნული საკითხის შესახებ, ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებში, კანონიერი ქურდის - დავით
ხიზანიშვილისა და კრიმინალური ავტორიტეტის - ლევან რევიშვილის საუბრებია ჩაწერილი.
საუბრიდან ირკვევა, რომ ხიზანიშვილს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჰყავდა
მობილიზებული, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
ჩანაწერებში, თავდაპირველად ხიზანიშვილი გივი ბლიაძეს უკავშირდება,
შემდეგ ვოვა ერემიანისა და ლევან რევიშვილის საუბრებია ჩაწერილი. "რაც
დამავალა ხიზანამ ყველაფერი შევასრულე, ყველა ოცნებას აძლევს ხმას",- ამბობს
ჩანაწერებში ერემიანი. ასევე გამოქვეყნებულია ზაზა ჯიმშიტაშვილისა და რევიშვილის
ჩანაწერი, სადაც საუბარი ეხება ამომრჩევლების გადმობირებას.
internet.ge