გიგა ბოკერია: ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მუშაობას მოქმედი მთავრობა გააგრძელებს
უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელის, გიგა ბოკერიას შეფასებით,
მოქმედი მთავრობა მუშაობას მანამ გააგრძელებს, სანამ არ დამტკიცდება ახალი
მთავრობა და არანაირი შერეული ხელმძღვანელობა არ იარსებებს.
როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, „ქართული ოცნების“
ლიდერებთან დღეს გამართული შეხვედრა იყო საქმიანი და პოზიტიური. მისი თქმით, საუბარი შეეხო ხელისუფლების გადაბარების
საკითხებს.
„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხელისუფლების გადაბარება
კონსტიტუციის ფარგლებში მოხდება და ეს პირველი პრეცედენტია ჩვენს ისტორიაში. დღეს
დაიწყება და შედგება კომუნიკაცია უწყებებსა და მინისტრობის კანდიდატებს შორის
ყველა მიმდინარე საკითხზე იმისთვის, რომ მომავალ მთავრობას ჰქონდეს წარმოდგენა იმ
პროცესებზე, რაც უწყებებში მიმდინარეობს. თუმცა, არასწორი ინტერპრეტირება მოხდა
მედიასაშუალებების მიერ, რადგან არანაირი გადაწყვეტილებების დელეგირება არ ხდება
და ეს არის ზოგადად ინფორმაციის გაცნობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის. მოქმედი
მთავრობა მუშაობას გააგრძელებს მანამ, სანამ არ დამტკიცდება ახალი მთავრობა,
არანაირი შერეული ხელმძღვანელობა არ იარსებებს.
„ქართული ოცნების“ ინფორმირება ხდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე
უწყებაში შევიდეს და გადაწყვეტილების კოორდინირება მოახდინოს“-განაცხადა ბოკერიამ.
internet.ge