ტელეკომპანია „იმედიდან“ წასული ნანუკა ჟორჟოლიანი ტელევიზიის ხელმძღვანელობას ხვდება.
„ფორმალური შეხვედრა მქონდა „იმედში“, ანუ ვიწყებ წასვლის გაფორმებას. რამდენიმე წუთის წინ, შევხვდი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენელს და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვისაუბრეთ. ჩემთან ერთად მოდის მთელი გუნდი, რომელიც შოუს აკეთებდა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი მათგანი ტელევიზიის ძველი თამანშრომელია“,- განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“-ს ტელეწამყვანმა.
მისივე განცხადებით, გადაცემა ტელეეთერს მხოლოდ იგივე ფორმატითა და არსებული გუნდით დაუბრუნდება.
„ჩემი სამომავლო გეგმა ასეთია, სადაც ჩემს გადაცემას იგივე ფორმატით გასვლის საშუალება ექნება, იქ გავა. კონკრეტული მოლაპარაკება ჯერ არავისთან მაქვს“,- განმარტა ჟორჟოლიანმა.
როგორც მან „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებებს სამაუწყებლო კომპანია“რუსთავი 2“-თან მართავს, სიცრუეა.
მას შემდეგ რაც „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა. ნანუკა ჟორჟოლიანმა არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით,
არხიდან წასვლით მან პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს მუშაობა გაუმარტივა.
„მე მივიღე გადაწყვეტილება არხიდან წავიდე. ეს მხოლოდ ადამიანური გადაწყვეტილებაა. შეიძლება დავარქვათ მორალური ვალდებულებაც,“- აცხადებს ტელეწამყვანი.
Internet.ge