კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერობის
კანდიდატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ახალ პარლამენტში მათი უმრავლესობა
ერთპარტიული არ იქნება. როგორც ძიძიგურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
განახცხადა, ეს იქნება ფრაქციათა კოალიცია.
„ჩვენს პოლიტიკურ კოალიციაში შედის ექვსი პარტია და ყველას საკუთარი
ფრაქცია ექნება. პირველ ეტაპზე 4 ფრაქცია შეიქმნება, შემდეგ კი 2 დაემატება. პრინციპული
მნიშვნელობა აქვს, რომ ეს იქნება არა ერთპარტიული, არამედ ფრაქციათა კოალიციით
წარმოდგენილი უმრავლესობა,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
პარლამენტში 4 ფრაქციის შექმნას ვარაუდობს პარლამენტის
ვიცე-სპიკერობის კიდევ ერთი კანდიდატი მანანა კობახიძე, თუმცა არ გამორიცხავს რომ
ფრაქციების რაოდენობა გაიზარდოს.
„ამ მოცემულობით პარლამენტში უმრავლესობა
ოთხ ფრაქციას ქმნის. აქიდან ყველაზე დიდი „ქართული ოცნება“ იქნება. ფრაქციას შექმნის
„ქართული ოცნება- თავისუფალი
დემოკრატები“, „ქართული ოცნება- რესპუბლიკელები“ და „ქართული ოცნება კონსერვატორული
პარტია. რაც შეეხება „მრეწველებსა“ და „ეროვნულ ფორუმს“, ისინი „ქართულ ოცნებაში“ შემოდიან“,- განაცხადა
კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, კომიტეტის
თავმჯდომარეები რეგლამენტის მიხედვით აირჩევიან და მათ ორ-ორი მოადგილე ეყოლებათ.
რეგლამენტით საუბარია ორ მოადგილეზე, უმრავლესობიდან
თავმჯდომარე და ორი მოადგილე, აქიდან ერთი მოადგილე გათვალისწინებულია
უმცირესობიდან“,- დასძინა ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა.
Internet.ge