„ქართულ ოცნებაში“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობენ, რომელიც
სამხედრო ომბუდსმენის პოსტის შემოღებას
ითვალისწინებს. საპარლამენტო რწმუნებული რეაგირებას მოახდენს სამხედრო ნაწილებში
არსებულ დარღვევებზე და ჯარისკაცებსა და ოფიცრებს შორის მედიატორის როლს
შეასრულებს.
საპარლამენტო სამხედრო რწმუნებულის შესახებ კანონპროექტის ამოქმედების
შემდეგ სამხედრო ომბუდსმენი ნებისმიერ სამხედრო ნაწილში შესვლას 24 საათის
განმავლობაში შეძლებს.
საპარლამენტო სამხედრო რწმუნებულის პოსტის შემოღების შესახებ კანონპროექტი
უკვე მზად აქვს მმართველი გუნდის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის
კანდიდატს ირაკლი სესიაშვილს.
მისი განმარტებით, ამ ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ თავდაცვის უწყება
გამჭვირვალე გახდება.
„ის აღიჭურვება იმავე უფლებებით და ფუნქციებით, რაც დღეს სახალხო
დამცველს აქვს, თუმცა ის ერთი მიმართულებით იმოქმედებს, ეს არის განახორციელოს
კონტროლი ადამიანის უფლებების დაცვაზე უსაფრთხოების სექტორში. ეფექტიანობა
ემყარება არა მხოლოდ იმას, რომ ის იცავს ადამიანის უფლებებს უსაფრთხოების სექტორში,
არამედ ის არის საუკეთესო მედიატორი ხელისუფლებასა და სამხედრო მოსამსახურეებს
შორის,“- აცხადებს სესიაშვილი.
Internet.ge