გოგა ხაჩიძე: მეტი რა ვქნა მეგობრებო? იქნებ დავტყუო ერთი ანეკდოტიც...
გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს სხდომათა დარბაზშივე ანეკდოტის მოყოლა სთხოვა.
„ჩვენ დღემდე ვიცით თქვენი ორი ანეკდოტი: ერთი „მიტუაზე“ და მეორე
„შედი ქალო ბუტკაში", იქნებ მესამეც დაგვიტოვოთ“,- განაცხადა ხაჩიძემ და იქვე
დასძინა, რომ ივანიშვილის ანეკდოტებზე ბევრს ხალისობს.
დეპუტატის ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის რეპლიკა მოჰყვა.
„ანეკდოტებს უყვებიან მეგობრებს, მე და თქვენ არ ვართ მეგობრები.
თუმცა შეიძლება გავხდეთ“,- აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაინტერესდა ნამდვილად დადიოდა თუ არა
გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის სამინისტროს დერეფნებში ველოსიპედით.
მისი თქმით ამის ამსახველი ფოტო მასალაც არსებობს.
თავის მხრივ უმცირესობის წევრმა მას კორიდორში ველოსიპეტით გასეირნება
შესთავაზა.
ამ პოლემიკამდე ხაჩიძე
დაინტერესდა ნამდვილად იგეგმება თუ არა სატყეო სექტორის პრემიერ-მინისტრისთვის
ჩაბარება.
მისი თქმით აღნიშნული ინფორმაცია ახალი მინისტრისგან მოისმინა. თუმცა,
როგორც მოგვიანებით ხათუნა გოგოლაძემ განმარტა, ის მხოლოდ და მხოლოდ მოდელს
განიხილავდა.
აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე წუთში გოგა ხაჩიძის „ფეისბუქის“ გვერდზე
პოსტი გაჩნდა:
„არანაირი კონკრეტული ვადა. იფიქრეთ, და გამოიცანით როდის? როგორ?
რამდენი? იოცნებეთ“,- წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დასძენს: მეტი რა ვქნა მეგობრებო? იქნებ დავტყუო ერთი
ანეკდოტიც..."
Internet.ge