უმრავლესობის წევრები გუნარდ ვიგანდის შეხვდნენ
21:53 24.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
პროცესების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ევროპის საგარეო სამსახურში რუსეთის,
აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და
ეუთოს მიმართულების დირექტორმა, გუნარდ ვიგანდისმა.
შეხვედრაზე საუბარი
შეეხო ევროსტრუქტურებში საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც შეიცავს როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, ასევე
სავიზო რეჟიმის გამარტივებას. ითქვა, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია და
ხალხს არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი. ხელისუფლება უნდა იყოს
მაქსიმალურად პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული.
ხაზი გაესვა იმას, რომ
ქვეყანამ უნდა შეასრულოს შესაბამისი ვალდებულებები, რაც ქვეყნის შიგნით
დემოკრატიული პროცესების განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების
მშენებლობას და კანონის უზენაესობას ითვალისწინებს.
აღინიშნა, რომ
ევროსტრუქტურებში ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას
უკვე აქვს წინგადადგმული ნაბიჯები. უნდა შენარჩუნდეს ყველაფერი დადებითი
რაც აქამდე გაკეთებულა, მაგრამ უნდა გაგრძელდეს წინსვლა.
ამისათვის
საქართველოს კიდევ ბევრი დავალება აქვს შესასრულებელი, თუნდაც ისეთ
საკითხებში, როგორიცაა კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო
სტანდარტებთან. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება შრომის კოდექსის
დახვეწაზე.
დავით უსუფაშვილმა და გუნარდ ვიგანდისმა საქართველოში
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესახებაც ისაუბრეს. ითქვა, რომ ამჟამად
საქართველოში მისიის 270-ზე მეტი სამხედრო პირი იმყოფება, მაგრამ ისინი
კოფლიქტის ზონის პერიფერიებში მოქმედებენ და არა შიგნით, ამდენად ამ
მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი. სტუმრის
განცხადებით - დემოკრატიული, ეკონომიკური, უსაფრთხოების გაძლიერების
თვალსაზრისით საქართველო უნდა გახდეს რეგიონში სამოდელო ქვეყანა და თავისი
წვლილი შეიტანოს საერთო ევროატლანტიკურ საქმეში.
შეხვედრაში
მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ აბაშიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ
დოლიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|