მოსკოვს საქართველოს ციხეებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მალე გათავისუფლების იმედი აქვს
მოსკოვს იმედი აქვს, რომ საქართველოს ციხეებში მყოფ რუსეთის ყველა მოქალაქეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს, გათავისუფლებულები იქნებიან,” - განაცხადა მან შვეიცარიელ კოლეგასთან დიდიე ბურკჰალტერთან შეხვედრისას.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ "საქართველოს წინა ხელისუფლება ბევრ რამეს ვერ აკეთებდა”.
"ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალისხმევა გაძლიერდება” - დასძინა მან.
ლავროვმა უმაღლესი შეფასება მისცა შვეიცარიელი დიპლომატების საქმიანობას, რომლებიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენენ.
"შვეიცარიელი დიპლომატების საქმიანობას, რომლებიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენენ საქართველოში, ყველაზე მაღალ შეფასებას ვაძლევთ. მე ვიტყოდი, რომ ეს ვალდებულებებისა
უნაკლოდ შესრულებაა, რომელიც შვეიცარიამ თავის თავზე აიღო – წარმოადგინოს ჩვენი ინტერესები საქართველოში მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც ჰუმანიტარულ თემებთანაა კავშირში და რომელშიც ჩვენი მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე დახმარებას საჭიროებენ,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კითხვაზე, თუ რამდენ ხანს მოუწევს შვეიცარიას კიდევ შუამავლობა, ლავროვმა განაცხადა, რომ ეს კითხვა მას არ უნდა დაუსვან.
"საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია, ეს ბატონმა სააკაშვილმა გააკეთა, რის შედეგადაც საჭირო გახდა სახელმწიფო, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენდა საქართველოში,” - აღნიშნა მან.
internet.ge