შრომის,
ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი,
ზურაბ
ჭიაბერაშვილი, დღეს, მინდობით აღზრდის პროგრამაში მონაწილე ბეკოშვილებისა და რეხვიაშვილების ოჯახებს ესტუმრა.
მინისტრი
ბავშვებსა
და მათ აღმზრდელებს პირადად ესაუბრა და მინდობით აღზრდის პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, სამივე ბავშვი მინდობით აღზრდის პროგრამაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო მოხვდა. ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრაცია კი, სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერ-ჯერობით
ვერ ხერხდება.
„სოციალური
მუშაკები მუდმივად ადევნებენ თვალყურს ბავშვების აღზრდის პროცესს და ცდილობენ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ისინი ბიოლოგიურ ოჯახებში დააბრუნონ. ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფოს პროირიტეტს წარმოადგენს დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებებიდან ბავშვების მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანა, ასევე ბავშვების საკუთარ ოჯახებში რეინტეგრაცია ან ოჯახურ გარემოში მინდობით აღზრდა. მინდობით აღზრდას ექვემდებარებიან
მზრუნველობამოკლებული
ბავშვები,
რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან შვილად აყვანა ვერ ხერხდება“,-
აცხადებენ სამინისტროში.
მინდობით
აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ოჯახები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით, თვეში
450 ლარს იღებენ. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის მოვლისათვის კი მიმღები მშობლები ყოველთვიურად
600 ლარით
ფინანსდებიან.
2009-2011 წლებში, მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში, ოჯახებში 832 ბავშვი განთავსდა.
internet.ge