„ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთვაზობთ:
"თავშივე გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი, არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან დებატებში ან რაიმე სახის პოლიტიკურ პოლემიკაში შესვლას. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის უწყების ფუნქცია და უწყებას გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს გადასაჭრელი. განცხადება, რომელსაც ახლა გთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ ახლადდანიშნული თანამდებობის პირებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული და საზოგადოების სწორად ინფორმირებას ემსახურება. ამ მიზნით ვაქვეყნებთ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" -ის მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეთერში გავიდა 2009 წლის 15 აპრილს. აღნიშნულ მასალაში ინტერვიუს ავტორი ვარვარა პროხომენკო თავად ადასტურებს, რომ არასწორად გადმოსცა რესპოდენტის აზრი (იხილეთ ვიდეო ფაილი). რაც შეეხება სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმს", 2002 -2003 წლებში უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მართლაც აწარმოებდა სისხლის სამართლის საქმეს, ჩატარდა საგამოძიებო სამუშაოები რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმთან" დაკავშირებით, რომლის შედეგადაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული რამდენიმე დანაშაულში მხილებული პირი."