საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ პირველი სტიპენდიანტი გამოავლინა.
გამარჯვებულ სტუდენტს დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა წარმატება პირადად მიულოცა.
პროექტი „გააუმჯობესე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით წამოიწყო.
პროექტის მონაწილეებს, ტექნიკური უნივერსიტეტის წყლის რესურსების გამოყენების, დაცვის და წყალმომარაგების მიმართულების სტუდენტებს, რომლებსაც თეორიული კურსი გავლილი აქვთ, ევალებოდათ ერთი თვის მანძილზე შეესწავლათ საქართველოს დასახლებულ ადგილებში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები და სქემის სახით წარმოედგინათ.
პროექტის პირველი გამარჯვებული ტექნიკური უნივერსტეტის წყალმომარაგების ფაკულტეტის სტუდენტი გივი ნადირაძე გახდა, რომელმაც „დუშეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების" პროექტი წარმოადგინა. კომპანია სტუდენტს მთელი წლის სწავლის საფასურს დაუფარავს, გარდა ამისა, იგი უკვე დასაქმდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
მსგავსი ტიპის კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და გამარჯვებული სტუდენტები სტიპენდიას ყოველი სემესტრის დასასრულს მიიღებენ.
Internet.ge