საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ვაკე-საბურთალოს შემაერთებელ გზაზე მივიდა, სადაც ახალი მაგისტრალიდან 204 მეტრიანი გვირაბი შენდება.
სამშენებლო სამუშაოებზე 120 ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი პირადად გაესაუბრა.
ბახტრიონის ქუჩასთან გაკეთდება შემაერთებელი კვანძი - ვერეს ხევის მაგისტრალიდან გვირაბამდე მისასვლელი გზა. გვირაბის მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში დასრულდება.
პრეზიდენტმა
ასევე, გალაქტიონის ხიდთან მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ხუთ ადგილას აშენდება პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები. გზის ამ მონაკვეთზე გაუქმდება შუქნიშნები და სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად იმოძრავებენ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მარჯვენა სანაპიროზე დიღმიდან - ორთაჭალისკენ მიმავალი ნაკადი გამოიყენებს ახალ გვირაბს, ხოლო ორთაჭალიდან მარჯანიშვილის ან ელბაქიძის ქუჩისკენ მიმავალი ნაკადი გვირაბზე გადასასვლელი ახალი პანდუსით ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის სექტემბერში დასრულდება.
internet.ge