საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი“ 20 მაისს გასამართ აქცია-
მსვლელობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც
განცხადებაშია აღნიშნული, მსვლელობა ვაკის პარკიდან რუსთაველის გამზირის გავლით,
ჩიტაძის ქუჩამდე მოეწყობა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მდებარეობს. „ინტერნეტ.ჯი“განცხადების
ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"აქციის ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნებია - საგარეო საქმეთა
სამინისტრომ წარმოადგინოს დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული და არგუმენტირებული
პოზიცია, რის საფუძველზე გააკეთეს ქართული საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელი და
შეურაცხმყოფელი განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და კულტურის
მინისტრმა; საქართველოს მთავრობამ 31 მაისამდე (წმ. დავით გარეჯელის ხსენების დღე)
საჯარო გახადოს და მოგვაწოდოს დავით გარეჯის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების
სტენოგრამები და ოქმები, რათა საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გამჭვირვალე
გახდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი. ასევე,
მოვითხოვთ, საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, აცხადებს თუ
არა აზერბაიჯანის მხარე პრეტენზიას ჩიჩხიტურის მონასტერზეც", - ნათქვამია
განცხადებაში.
მშვიდობიანი მსვლელობა ვაკის პარკიდან დაიწყება, რის შემდეგაც, აქციის
მონაწილეთა ერთი ნაწილი აზერბაიჯანის საელჩოსთან გაემართება და საელჩოს
წარმომადგენელს საინიციატივო ჯგუფის მიერ აზერბაიჯანის ელჩისადმი შემუშავებულ
სპეციალურ მიმართვას გადასცემს.
მსვლელობა გაგრძელდება ჭავჭავაძის და რუსთაველის გამზირებზე და
შეჩერდება ჩიტაძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, სადაც საინიციატივო
ჯგუფი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს სპეციალურ მიმართვას გადასცემს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები მამა დავითზე გაემართებიან და
სამშვიდობო პარაკლისს დაესწრებიან.
ამით, საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი დავით გარეჯი"
დაასრულებს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის
და რელიგიური სიწმინდის დაცვისთვის ორგანიზებულ პირველ აქციას.
ამასთან, საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი საქართველო"
საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, 20 მაისს, 14:00 საათზე, თავიანთი მხარდაჭერა
საავტომობილო სიგნალით გამოხატონ.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აქცია ატარებს
მშვიდობიან ხასიათს, ემიჯნება და გმობს ყოველგვარ სავარაუდო პროვოკაციულ
გამოვლინებებს,"- ნათქვამია განცხადების ტექსტში.
internet.ge