კახა ბექაური: „მე-9 არხი" მზადაა მალხაზ ბიჭინაშვილის მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს
„მე-9 არხის“ გენერალური დირექტორის, კახა ბექაურის
განცხადებით, ტელეკომპანია მზადაა, ავტოავარიის შედეგად დაშავებული მალხაზ ბიჭინაშვილის მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს.
როგორც დღეს,
გამართულ პრესკონფერენციაზე ბექაურმა განაცხადა, ე.წ არამიანცის საავადმყოფოში,
მკურნალობის ორი დღის თანხა მათ მიერ იქნა გადახდილი, თუმცა შემდგომ მას ხარჯების
დაფარვაზე უარი განუცხადეს.
„21 მაისს საავადმყოფოს ადმინისტრაციამ უარი
განაცხადა, ხარჯები დაგვეფარა, მიზეზი კი იყო ის, რომ დაზარალებულ პიროვნებას არ ჰყავდა ახლობლები,
იყო უცნობი, ასევე არ იყო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადასტურებული ბრალეული მხარე,
რის გამოც
მკურნალობის ხარჯები სახელმწიფოს უნდა დაეფინანსებინა. თუმცა ჩვენი სურვილი,
მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე ავიღოთ დღესაც ძალაში რჩება“,- განაცხადა
ბექაურმა.
შეგახსენებთ,
რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 21 მაისს, დაახლოებით
01:00 საათზე
მოხდა. ლაგუნა ვერესთან ქვეითად მოსიარულე ორ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც „მე-9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე მართავდა. რუხაძესთან ერთად ავტომობილში მისი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილიდან თამარ რუხაძე და ორი ჟურნალისტი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თამარ რუხაძე მანქანას აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
internet.ge