Facebook-ის აქციონერებმა სასამართლოში
სარჩელი შეიტანეს სოციალური ქსელის, მისი დამაარსებლის მარკ ცუკერბერგისა და იმ
ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც აქციათა პირველადი განთავსების ორგანიზატორები იყვნენ.
მოსარჩეელები ირწმუნებიან, რომ მათ დაუმალეს
მოგების შესახებ ზუსტი პროგნოზი, რაც Facebook-ის აქციათა ჩავარდნის მიზეზი გახდა.
მათი თქმით, Morgan Stanley-ის ბანკმა ზოგიერთი ინვესტორი წინასწარ გააფრთხილა
სოციალური ქსელის პრობლემების შესახებ. ეს ეხებოდა რეკლამების ზრდის მცირე ტემპს
მომხმარებელთა რაოდენობის მატებასთან შედარებით. რადგანაც მსგავსი შეტყობინება
ყველა ინვესტორს არ მიუღია, ასეთი ქმედება ბაზარზე კანონით ისჯება.
ამ საქმეში მტყუან-მართალის გარკვევას
მანჰეტენის საოლქო სასამართლო შეეცდება. ამასობაში, სოციალური ქსელის ქაღალდების
ფასი ერთნახევარი პროცენტით გაიზარდა.
ერთი დღით ადრე, მსგავსი სარჩელი
კალიფორნიაშიც შეიტანეს. მისი ინიციატორი იურიდიული ფირმა Glancy Binkow &
Goldberg-ია.
პრეტენზიებს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის
ფინანსური ბაზრის მარეგულირებელი კომისია. მისი წარმომადგენლების განცხადებით,
კომისია აღნიშნული საკითხის გამოძიებას დაიწყებს და შესაბამის დოკუმენტებსაც
შეისწავლის.
Internet.ge