საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის და „ჯენოას“
ყოფილი მცველის კახა კალაძის გაყიდულ
თამაშებთან კავშირს უარყობს „კალა ფონდის“ ხელმძღვანელი ოთარ ჩრდილელი.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას ჩრდილელმა განაცხადა, ჩაწყობილ
მატჩებთან მიმართებაში კახა კალაძე არც ერთ უცხოურ გამოცემას არ უხსენებია და ეს
ამბავი ქართული მედიის მიერ არის გაზვიადებული.
„არც ერთ უცხოურ საინფორმაციო საშუალებაში კახა კალაძის გვარი არ
ყოფილა ნახსენები. კახას სახელი ახსენეს მხოლოდ ერთ ქართულ მედიასაშუალებაში.
როგორც ჩვენ გავარკვიეთ, აქ საუბარია „ლაციოსა“ და „ჯენუას“ მატჩზე, სადაც კახას
გუნდმა 4:2 წააგო. კახას ამ მატჩში არა თუ არ უთამაშია, განაცხადშიც კი არ ყოფილა.
მე ეს ამბავი უფრო ქართული პრესის გაზვიადებული მგონია. ამჟამად კახას იტალიიდან
არავინ შეხმიანებია და თუ იქაური სამართალდამცავები კალაძეს მაინც დაიბარებენ, ეს
იქნება მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსით გასაუბრება. თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ
უცხოურ მედიასაშუალებებში, მე მგონია, ეს ამბავი არის ქართული პრესის მიერ
ბუზისაგან ხელოვნურად შექმნილი სპილო“- განაცხადა ჩრდილელმა.
შეგახსენებთ, რომ გარიგებულ მატჩთან სავარაუდო კავშირისათვის,
იტალიელმა სამართალდამცავებმა უკვე 19 ფეხბურთელი დააკავეს.
ცნობისთვის, კახა კალაძის გაყიდულ თამაშებთან შესაძლო კავშირის
შესახებ ინფორმაცია, ქართულმა მედიამ სწორედ რუსულ და უცხოურ მედიასაშუალებებზე
დაყრდნობით გაავრცელა.
იხ. ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4
internet.ge