საინფორმაციო ანალიტიკურმა პორტალმა "დრონი.ჯი"-მ მუშაობა განაახლა. სპეციალისტებმა მოახერხეს აღნიშნული ვებ-გვერდი აემუშავებინათ.
"დრონი.ჯი"-სა და "პრესა.ჯი"-ზე გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.
სწორედ ამ დროიდან მუშაობდნენ ტექნიკური თანამშრომლები ვებ-გვერდების აღდგენაზე.
სპეციალისტების განცხადებით, ეს იყო საკმაოდ მძლავრი ჰაკერული შეტევა, რომელმაც სერვერის დაზიანება გამოიწვია.
ვებ-გვერდის აღდგენით სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს ჰაკერული თავდასხმის ავტორთა ვინაობის დადგენაც.
„კავკასიის ინტერნეტ-მედია ჯგუფის“ დირექტორის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ ჰაკერული შეტევა ვებ-გვერდებზე, ერთ-ერთი მდიდარი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან განხორციელდა.
„მათ ყველაზე მეტად აწუხებთ ამ საიტების არსებობა და განსაკუთრებული პოპულარობა“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
საკითხის გარკვევის მიზნით უკვე მუშაობენ სამართალდამცველები.
რაც შეეხება "პრესა.ჯი"-ს, მის აღდგენაზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობას აგრძელებს.
Internet.ge