რუსული სამხედრო გემი ისევ დაიძრა სირიის სანაპიროებისკენ. შავი ზღვის ფლოტის ხომალდი „სმეტლივი“ ტარტუს პორტში შევა, სადაც რუსეთის სახედრო-საზღვაო ძალების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების პუნქტია - განუცხადა „რის ნოვოსტის“ სამხედრო-დიპლომატიურმა წყარომ.
იმის შესახებ, რომ რუსული გემი ხმელთაშუა ზღვისკენ გაემართა, მანამდე, შავი ზღვის ფლოტის კაპიტანმა ვიაჩესლავ ტრუხაჩოვმა ოფიციალურად განაცხადა, მაგრამ დეტალები მას აღარ დაუკონკრეტებია.
როგორც ცნობილია, რუსული სამხედრო გემების ჯგუფი, რომელშიც ერთი ავიამზიდიც შედის, ტარტუს პორტში ადრეც შევიდა. სირიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა მაშინ ამ აქტს მოსკოვის მხარდაჭერა უწოდეს, რამაც რუსეთის მიმართ საერთაშორისო პრეტენზიები წარმოქმნა.
დეკემბრის დასაწყისში შორეულ ზღვაოსნობაში გაემართა ასევე, ავიამზიდების ჯგუფი კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვის“ მეთაურობით.
ამასთან, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ჯარები სირიის დასახლებული პუნქტებს 10 აპრილისთვის დატოვებენ. შესაბამისი წერილი მან გაეროსა და არაბული ქვეყნების ლიგის სპეცწარმომადგენელს კოფი ანანსაც გაუგზავნა.
უახლოეს მომავალში ანანი, სირიის ხელისუფლებისგან მისი გეგმის სხვა მოთხოვნების თაობაზეც ელოდება პასუხს. გეგმა გულისხმობს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, სამხედრო ტექნიკისა და ჯარების გაყვანას, ასევე გეგმა ითვალისწინებს სირიის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას და ავალდებულებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში ჰუმანიტარული და საერთაშორისო მისიების შესვლა.
გაეროს ბოლო მონაცემებით, სირიაში ერთი წლის განმავლობაში მოკლულია 9 ათას ადამიანზე მეტი.
Internet.ge