სოხუმში რუსეთის მოქალაქეთა
საკუთრების უფლების დაცვის კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელსაც ე.წ.
ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ლოგუა თავმჯდომარეობდა. სხდომაში რუსეთის ელჩი ოკუპირებულ
აფხაზეთში სემიონ გრიგორიევიც მონაწილეობდა.
კომისიაში ამ დროისათვის
რუსეთის ფედერაციის 188 მოქალაქის განცხადებაა შესული, რომლებიც საკუთრების
უფლების დაკანონებას მოითხოვენ. თუმცა გაირკვა, რომ 188-დან 89 განცხადება
განხილვას არ დაექვემდებარება, რადგან მათი ავტორები საცხოვრებლად იმ ფართის
დაკანონებას ითხოვენ, რომელიც ე.წ. სახელმწიფო ფონდს ეკუთვნის და არც არასოდეს
ყოფილა განმცხადებელთა კერძო საკუთრებაში.
საკუთრება უკვე
დაუკანონეს 11 განმცხადებელს. დანარჩენი განცხადებები კი, ზოგიც სასამართლოშია და
ზოგიც ახლა მზადდება სასამართლოში შესატანად.
ამჯერად გადაწყვიტეს, რომ კომისია განცხადებებს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც
მოქალაქეები სასამართლო ორგანოებს მიმართავენ, ანუ როცა მიზნის მისაღწევად ყველა
სამართლებრივი გზა ამოწურული იქნება.
„გავიდა წლები, ძველი
მეპატრონეები დიდი ხანი არ გამოჩენილან, მათ სახლებში სხვა ხალხი ცხოვრობს,
რომლებმაც გაარემონტა და შეინახა ეს სახლები და ფული დახარჯა. არის ოჯახები,
რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავს და მათ სხვაგან საცხოვრებელი არსად აქვთ.
ამდენად, მათი ქუჩაში გაყრა არასწორი იქნება. ამიტომ უნდა მოიძებნოს ოპტიმალური
გადაწყვეტილება“ - განაცხადა ლოგუამ.
რაც შეეხება ბინის სანაცვლოდ კომპენსაციების გაცემას, კომისია ამ საკითხს საერთოდ
არ განიხილავს.
რუსეთის ელჩის თქმით,
რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლების თემა საკმაოდ რეზონანსულია და სოხუმსა და
მოსკოვს შორის მოლაპარაკებებისას ამ საკითხს თითქმის ყოველთვის ეხებიან.
გრიგორიევის თქმით, პრობლემის მოგვარება პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან
მნიშვნელოვანია, რადგან ეს გაამყარებდა ნდობას მოსკოვსა და სოხუმს შორის.
Internet.ge