საქართველოს
სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში, 6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი
ტესტირება ჩატარდება. პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების
დავალებებზე იმუშავებენ და ამით იმ გარემოს გაეცნობიან, რომელიც
საატესტატო გამოცდებზე
ექნებათ.
დღეს, საატესტატო გამოცდების საცდელი
ტესტირების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული
ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი, თბილისის #60 საჯარო სკოლაში აკვირდებოდნენ.
განათლების
სამინისტროს ინფორმაციით, გასულ
წელს, პირველად საქართველოში, საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ.
"CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. იგივე მეთოდით საატესტატო
გამოცდები 2011-2012 სასწავლო წლის ბოლოსაც, რვა საგანში გაიმართება. წელს არ
იგეგმება რაიმე ცვლილება, იგივე რჩება კომპეტენციის ზღვარიც. თითოეულ საგანში
გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და
იმავე დღეს ჩატარდება.
სკოლებში, მთელი წლის განმავლობაში, საგამოცდო საგნებში აბიტურის საათები ტარდება, რომელზეც მეთორმეტეკლასელები
განვლილ მასალას იმეორებენ და საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებიან. ყველა სკოლა
ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად.
internet.ge