ბიძინა ივანიშვილის ახალი „მე-9 არხი“ გურამ დონაძის „რეალ TV“-ის კადრებით ივსება. თავდაპირველად
ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სახელისუფლებო არხებზე მომუშავე ჟურნალისტებზე უარი ეთქვა და ახალი სახეებით დაეკომპლექტებინა
ტელეკომპანია.
თუმცა წყაროს ინფორმაციით, „მე-9 არხმა“ უკვე გადაიბირა „რეალ TV“-ის ჟურნალისტებისა
და
ტექნიკური პერსონალის დიდი ნაწილი. საუბარი დაახლოებით 20 თანამშრომელზეა, რომელიც ივანიშვილის
ახალმა არხმა შს სამინისტროს ტელევიზიად მონათლულ „რეალ TV“-ის „წაართვა“.
საეჭვოა ისიც, რომ დონაძემ, ტელევიზიიდან გამოცლილი კადრების გადაბირების თემას წაუყრუა და ეს ფაქტი არც გახმაურებულა.
მეტიც,
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილს
„რეალ TV“-დან გადაბირებულებში,
რამდენიმე ჩანერგილი აგენტიც კი შეუგზავნეს.
ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, მათგან რამდენიმე, შესაძლოა, გურამ დონაძის მიერ საგანგებოდ
ჩანერგილი კადრი იყოს, რომელიც კაცმა იცის, როდის გამოავლენს
ძალოვანი უწყების ხელწერას და დონაძეც სწორედ ამიტომ, ურეაქციოდ
შეელია თავისი კადრების გადანერგვას
ივანიშვილის „მე-9 არხში“.
დონაძის სახელისუფლებო არხზე, ხელისუფლების გუნდრუკის კმევაში გამოზრდილ კადრებს ახლა ისევე ვერაფერი გამოასწორებს, როგორც „კუზიანს“ ბალეტი.
ივანიშვილის ტელევიზია განსაკუთრებულად დიდ თანხას სწორედ „რეალ TV“-ის თანამშრომლებში
იხდის
და
ამით
შს
სამინისტროს კადრებს ყიდულობს, თუმცა რატომ რისკავს ოლიგარქი და დონაძის სამჭედლოდან რატომ მიჰყავს ჟურნალისტები,
უცნობია.
ტელე-წამყვანი ნუგზარ ხავთასი, რომელიც ეთერში ნათია ლაზაშვილის
მეწყვილე იქნება, „პირველი არხიდან“ უსამსახუროდ დარჩენილი მალევე „რეალ TV“-მ შეიფარა.
ხავთასი, რომელიც იმავე „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალ ლიდერებს „რეალ TV“-ის ეკრანიდან თავს ლაფს ასხამდა, ივანიშვილის
ფავორიტი მას შემდეგ გახდა, რაც გარემოცვამ მისი საგაზეთო წერილების გამო ბიძინა დაარწმუნა, რომ ის მათი გულშემატკივარია.
არადა, „რეალ TV“-ის კართოტეკაში, ინახება ხავთასის მიერ ოპოზიციის ლანძღვის სულ რამდენიმე თვის წინანდელი კადრები და ჩანაწერები. ხავთასი აცხადებს, რომ ტელეკომპანია 26 მაისის მიტინგის დაშლის გამო დატოვა, მაგრამ რეალურად, ის ივლისში გაუშვეს ტელეკომპანიიდან.
როგორც ტელე-კულუარებში
აცხადებენ, ხავთასის სამსახურიდან გაშვების მოტივი პირდაპირ ეთერში გაპარული მისი ბილწსიტყვაობის
კადრები იყო.
სახელისუფლებო ხელწერით ცნობილი კადრებიდან,
ივანიშვილთან კიდევ ერთი -„რუსთავი 2“-ის გამოზრდილი
და "ნარეალ TV-ელი" ნიკა მეტრეველი მიდის. ჯერ უცნობია, ზუსტად რა სახის გადაცემას
წაიყვანს მეტრეველი, თუმცა მისი ტელე-ბიოგრაფია „რუსთავი 2“-დან იწყება. მას ყველა სახელისუფლებო
არხი
აქვს
მოვლილი.
როგორც ამბობენ, ჩუმ-ჩუმად მეტრეველი გურამ დონაძის გარემოცვასთან ისევ მეგობრობს და დონაძეც ამ კადრებს უმტკივნეულოდ სწორედ იმიტომაც შეელია, რომ ივანიშვილის არხზე მათი ჩანერგვის ინტერესები აქვს!
ე.წ. გადაბირებულებს შორის რამდენმიე ტელე-ოპერატორიცაა. როგორც სარწმუნო წყარო იტყობინება ეს ადამიანები სწორედ ის ხალხია, ვინც პირადად იღებდნენ ისეთ მასალებს, რომელმაც ბურჯანაძის ფიასკოს ხელი უფრო მეტად შეუწყო. ასეთი კი 26 მაისია და მათი დამსახურებაა ნინოს რუსთაველიდან გაპარვის, ცემა-ტყეპისა და „მოლოტოვების“ კადრების გავრცელება.
ბიძინას არხზე „გადაბირებულთა“ სია ასეთია: თენგიზ გიორბელიძე, დავით თევზაძე, თემურ პაპუაშვილი, გურამ წივწივაძე
და
მიხეილ სანიკიძე (სხვათაშორის სანიკიძეზე გავიგეთ რომ ის სტუდიის ოპერატორი იყო და გადაცემა „ინტერვიუში“ ოპოზიციის ლიდერებს განსაკუთრებულად ცუდი რაკურსით იღებდა).
„მე-9 არხზე“ დონაძის ტელევიზიიდან ლამის მთელი მემონტაჟეებიც წაიყვანეს: შაქრო ჭიკაძე, ლევან ჩხიკვაძე, რეზო ნასიძე, ლევან ბერუაშვილი, რომელიც „რეალ TV“-მდე „რეგიონ TV“-ში მუშაობდა, ცოტა მოგვიანებით კი ხათუნა კალმახელიძის პრეს-სამსახურშიც კი.
მოკლედ, წყარომ ისიც გვითხრა რომ ეს სია სრულად არ აქვს და ამ კადრებს ივანიშვილის არხზე ნიკა მეტრეველი აკომპლექტებს.
უფრო სკანდალური
ფაქტი
ისაა,
რომ
ნიკოლოზ მეტრეველმა ერთი თვის წინ კიდევ ერთი კადრი, თათია პაიჭაძე „მე-9 არხზე“ მიაღებინა. თათია პაიჭაძე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაახლოებულია. მეტიც, იგი ქვემო ქართლის „კუდის“ უფროსის მოადგილის, ია მუხურაძის შვილია და შესაძლოა „ჟუჩოკიც“ მიუმონტაჟა თავისუფალი სიტყვის ფლაგმანს...
სხვათაშორის, ჩვენმა წყარომ ისიც გვითხრა რომ ჩანერგილ კადრებზე „რეალ TV“-ის მთავარი ბოსი შს სამინისტროდან ძალიან ზრუნავს და იმაზე მეტს უხდის, ვიდრე ბიძინა...
ასე რომ, შესაძლოა სულ მალე კიდევ ერთი დიდი თეატრი ვიხილოთ სათაურით: „მე-9 არხიდან“ კადრები გამორბიან. სავარაუდოდ, აქვე გაკეთდება კომენტარებიც, სადაც დეტალურად ისაუბრებენ ოლიგარქის ზეწოლასა თუ იქ გამეფებულ ცენზურაზე. ამის სული და გული კი, შესაძლოა სწორედ „რეალ TV“-დან „მე-9 არხში“ შეპარული კადრები იყვნენ.
პ.ს: „ინტერნეტ. ჯი“ შეეცადა დაკავშირებოდა „რეალ TV“-ის ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს, თუმცა, მან საკმაოდ უხეშად გვიპასუხა, რომ ჩვენთან ამ თემაზე საუბარი არ სურს.