რუსეთის პატრიარქმა კირილმა, აგორებული სკანდალის მიუხედავად, მაინც მიაღწია იმას, რომ საკუთარ
მეზობელს, რუსეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, თავის სასარგებლოდ 20 მილიონი
რუბლი გადაახდევინა.
„მე გავყიდე ბინა სანკტ-პეტერბურგში და გადავუხადე მას ეს
თანხა“ - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა და პატრიარქის მეზობელმა იური შევჩენკომ.
შეგახსენებთ, შევჩენკოს სასამართლომ აღნიშნული თანხის
გადახდა იმის გამო დააკისრა, რომ მას, პატრირქის ბინაში რეგისტრირებულმა,
პატრიარქის ახლობელმა ქალბატონმა უჩივლა. საჩივრის მიზეზი გახდა სამშენებლო
მტვერი, რომელიც,
როგორც მომჩივანი ამბობდა, შევჩენკოს ბინაში მიმდინარე რემონტის დროს პატრიარქის
ბინაშიც გავრცელდა და ძვირფასი ნივთები დასვარა. ამის შემდეგ დაითვალეს, თუ რა
ზიანი მიაყენა შევჩენკოს მტვერმა პატრიარქის საკუთრებას, რა დაუჯდა პატრიარქს ამ
ნივთების გაწმენდა-გასუფთავება და სახლის დალაგება, რამაც საერთო ჯამში 20 მილიონი
რუბლი შეადგინა.
აღნიშნული თემა პატრიარქ კირილთან დაკავშირებით მორიგი
სკანდალის აგორების მიზეზი გახდა. ამას თან დაერთო საპატრიარქოს საიტზე ჩატარებული
„ფოკუსებიც“ - როგორც ამას რუსი ბლოგერები წერენ. როგორც ცნობილია, რადენიმე დღის
წინ რუსეთის საპატრიარქოს საიტიდან გაქრა ყველა ფოტო, სადაც პატრიარქ კირილს ხელზე
Breguet-ის 30-ათას დოლარიანი საათი ეკეთა. მათ ნაცვლად კი ფოტოშოფში
დამუშავებული სურათები დადეს, სადაც კირილს საათი მაჯაზე აღარ უკეთია. ეს მას
შემდეგ მოხდა, რაც თავად პატრიარქმა განაცხადა, რომ ასეთი ძვირფასი საათი არასდროს უტარებია. თუმცა, შეცვლილ ფოტოებზე საათი მაინც
დარჩა, მისი გამოსახულება მაგიდაზეა არეკლილი, რისთვისაც, როგორც ჩანს, თავიდანვე
არ მიუქცევიათ ყურადღება.
მას შემდეგ, რაც ამის გამო
რუსეთის პატრიარქთან დაკავშირებით ახალი აჟიოტაჟი ატყდა, საპატრიარქო იძულებული
გახდა საიტზე ისევ ძველი ფოტოები დაებრუნებინა და განეცხადებინა, რომ ფოტოები
„ვიღაცამ“ შეცვალა, რომელსაც იპოვნიან და პასუხს აგებინებენ. დღეს კი გაავრცელეს
ინფორმაცია, რომ საათი ფოტოდან საპატრიარქოს პრესცენტრის თანამშრომელმა გოგონამ
გააქრო, რაც მას „გამოუცდელობით დაემართა“.
Internet.ge