მანანა კობახიძე: 27 მაისს, თავისუფლების მოედანთან ერთად, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირები გადაიკეტება
შორენა გოგოლაძე
კოალიცია „ქართული ოცნება“ 27 მაისს ფართომასშტაბიანი აქციის
გამართვას გეგმავს. ვიდეორგოლში, რომლითაც კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი
ამომრჩეველს თავისუფლების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდებს, სოციალურ ქსელებში
რამდენიმე დღეა გამოჩნდა. „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე ამბობს, რომ აქციის გამო, თავისუფლების
მოედანი, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირები გადაიკეტება. კობახიძე თბილისელებს
მოუწოდებს ამ დღისთვის თადარიგი დაიჭირონ, რადგან ავტომობილებით გადაადგილება
შეზღუდული იქნება. „ინტერნეტ.ჯი“-ს მანანა კობახიძე 27 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ
ესაუბრა.
- 27 მაისს დაგეგმილ
აქციაზე რა პროგრამა იქნება წარმოდგენილი და რას სთავაზობთ ამომრჩეველს?
- რომ გადაწყდება გეტყვით აუცილებლად. გადაწყდება, თუ ვინ
გამოვა, რა თანმიმდევრობით და ა.შ.
- ჯერ არ არის ამ დღის პროგრამა
ცნობილი?
- ყველაფერს წინასწარ ხომ არ განვაცხადებთ? ყველაფერს თავის გეგმა
აქვს და ახლა სწორედ ამ გეგმაზე მიდის მუშაობა.
- თუმცა ადამიანი,
რომელიც მიდის აქციაზე, უნდა იცოდეს წინასწარ რისთვის მიდის და რა მიზანი აქვს
აქციას...
- კი ბატონო, ბიძინა ივანიშვილი ეპატიჟება ამ ადამიანებს, დახვდება იქ
და ეტყვის თავის სათქმელს. დეტალები, თუ ვინ გამოვა და რა იქნება, ეს ამ დროისთვის
თანხმდება. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.
- რამდენ ხანს გაგრძელდება
აქცია?
- სამ საათზე იწყება და რა დროც იქნება საჭირო, იმდენ ხანს გაგრძელდება.
ჩვენ გვინდა ვუთხრათ ქალაქ თბილისის მაცხოვრებლებს, რომ გადაკეტილი იქნება თბილისის
ქუჩები და მანქანით მოძრაობისგან თავს თუ შეიკავებენ, ძალიან კარგი იქნება.
- ამ დრომდე ცნობილია,
რომ აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე. რომელი ქუჩები იქნება გადაკეტილი?
- გადაკეტილი იქნება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის და ჭავჭავაძის
გამზირები. ფართომასშტაბიანი იქნება ეს აქცია და ადამიანები თადარიგს თუ დაიჭერენ,
კარგი იქნება.
- რეგიონებიდან გეგმავთ
მხარდამჭერთა ჩამოყვანას?
- ჩვენ ამ ყველაფერს ორგანიზებას არ ვუკეთებთ და თუკი ექნებათ მათ
სურვილი, ბუნებრივია, არავინ იქნება წინააღმდეგი მათი აქციაზე მოსვლის. ჩვენ არ ვაპირებთ მასიურად, კოლონებად ხალხის ჩამოყვანას.
- რუსთაველის გამზირზე
150 000 ადამიანს შეუძლია მიიღოს აქციაში მონაწილეობა. თქვენ გაცილებით მეტს
ელოდებით, რადგან ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვასაც ვარაუდობთ?
- ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით.
ამ მსვლელობაში ბევრი თბილისელი მიიღებს მონაწილეობას და მითუმეტეს, თუ
რეგიონებიდანაც ჩამოვლენ, ფართომასშტაბიანი მსვლელობა იქნება, რაც ავტომატურად
გამოიწვევს ქუჩების გადაკეტვას.
- კოალიცია „ქართული
ოცნება“ თუ იღებს პრევენციულ ზომებს ნებისმიერი
ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად?
- არანაირ ინცინდენტებს ადგილი არ ექნება. ეს იქნება ძალიან
ორგანიზებული და მოწესრიგებული აქცია. თუკი ხელისუფლება რაიმე პროვოკაციას დაგეგმავს,
ეგ არ ვიცით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ორგანიზებულად ვგეგმავთ ამ დღის ჩატარებას.
- აქცია ერთდღიანი იქნება?
- დედაქალში კი, შემდეგ აქციები რეგიონებში გაიმართება.
- როდის გავრცელდება ამ
დღის პროგრამა პრესსამსახურის მიერ?
- როცა ჩათვლიან საჭიროდ, თუმცა 27 მაისამდე იქნება გახმოვანებული.
Internet.ge