წინაასაარჩევნოდ
პარტიებში შემოწირულობის სახით შესულ თანხებს საქართველოს კონტროლის პალატა აქტიურად ადევნებს თვალს.
მონიტორინგის სამსახურმა „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ არაკანონიერ ფულად
გადარიცხვაში დაადანაშაულა და საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი შეფის მიერ
საქველმოქმედო ფონდ „ქომაგისთვის“ გადარიცხულ თანხას ყადაღა დაადო. ინტერპოლის მიერ ძებნილი ბიძინა გიორგობიანი კი
სამართალდამრღვევად ცნო. კონტროლის პალატაში „ქომაგისა“ ქართული ოცნების“
კავშირზეც საუბრობენ.
„ინტერნეტ.ჯი“
აღნიშნული თანხის წარმომავლობით დაინტერესდა და გერმანიაში მცხოვრებ გიორგობიანს
დაუკავშირდა.
- ბატონო ბიძინა
საქართველოს კონტროლის პალატამ თქვენს მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქომაგისთვის“
გადმორიცხული 90 000 ევრო დააყადაღა. მონიტორინგის სამსახურმა თქვენ სამართალდამრღვევად
გამოგაცხადათ..
- აღნიშნული
თანხის გადმოგზავნა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის რომელი კანონის დარღვევაა?
მეტიც, ეს ჩემი პირადი შემოწირულობა არ იყო. ეს თანხა Ost Eeuropa - Media und
geselshaft- მა გადმორიცხა. ფონდი,
რომელსაც მე წარმოვადგენ ეხმარება პატიმრებსა და იცავს მათ ოჯახებს. ჩვენ
ვმოქმედებთ გერმანისა და ევროკავშირის კანონმდებლობის სრული დაცვით. მაგრამ
საქართველოში კანონიერება უკანონობად ითვლება. ამიტომ ჩვენი დახმარება, რომელიც
უკანონოდ დაპატიმრებულებს, მათ ოჯახებს, სამსხურიდან გათავისუფლებულ მასწავლებლებს
უნდა მოხმარებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ კანონდარღვევად ცნო.
- თუმცა კონტროლის პალატას არგუმენტად მოჰყავს,
„ქომაგისა“ და "ქართული ოცნების" კავშირი. დღეს გავრეცელებულ განცხადებაში ასევე
წერია, რომ თქვენ 90 000 ევრო არალიცენზირებული ბანკიდან გადმორიცხეთ...
- თანხა, რომელიც გერმანულ საქველმოქმედო ფონს
ეკუთვნის, „ქართულ ოცნებას“, როგორ მოხმარდებოდა, როცა მე არც ერთ პოლიტიკურ
პარტიაში არ ვარ გაწევრიანებული. რაც შეეხება უკანონოდ გადმორიცხვას, მე
ევროკავშირის მოქალაქე ვარ და საქართველოსგან განსხვავებით აქ არალიცენზირებული
ბანკებიდან ფულის გადაგზავნა არ ხდება.
- 90 000 ევროს გადმორიცხვამ ბუნებრივი ეჭვი გააჩინა, იქნებ გვითხრათ საიდან მოხერხდა სოლიდური
თანხის მობილიზება ასეთ მოკლე დროში?
- შენ
ვინ ხარ რომ თანხის წარმომავლობით ინტერესდები?! შემწირველის ვინაობას გერმანული
კანონი და სახელმწიფო იცავს, რას ნიშნავს გაინტერესებთ? მთავარია ჩვენ გერმანიაში
მოქმედი კანონი არ დაგვირღვევია.
- ხომ არსებობს ალბათობა, რომ ეს
თანხა პირადად ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ გადმოერიცხა, ბოლო პერიოდში მსგავსი
კანონდარღვევა არაერთხელ დაფიქსირდა...
- საქართველოში
რაც უნდა გააკეთო, ხელისუფლება უკანონობაში ჩაგითვლის, იმიტომ, რომ თვითონ ჩადიან
კრიმინალს. დარწმუნებული ვარ უცხოელს რომ გადმოერიცხა თანხა, კონტროლის პალატა
მაშინვე დაასკვნიდა, რომ ეს ქართველის დავალებით მოხდა. გიმეორებთ კანონი არ
დამირღვევია. ვინ ვის და რას აბრალებს არ ვიცი.
- კონტროლის პალატამ შესაბამისი
უწყებით მოგმართათ და მათთვისაც არ აპირებთ ახსნა-განმარტების მიცემას?
- კონტროლის პალატას პირადად ჩემთვის წერილი არ
გადმოუცია, მათ ჰქონდათ მცდელობა დედაჩემის საშუალებით გადმოეცათ ეს უწყება. ჩემი
თხოვნით დედაჩემმა კონტროლის პალატის უწყების მიღებაზე უარი განაცხადა.
- ხომ არ დაამძიმებს თქვენი გამოუცხადებლობა
თქვენს სამართლებრივ მდგომარეობას, მით უფრო რომ ინტერპოლი გეძებთ...
- არ ვაპირებ კონტროლის პალატასთან თანამშრომლობას,
მივიჩნევ, რომ კანონი არ დამირღვევია. გთხოვთ ევროკავშირისა და გერმანიის
სამართლის სისტემას გადახედოთ და მიხვდებით, რომ თანხა სრულიად ლეგალურად ჩაირიცხა
საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
- საქართველოში ახალი პოლიტიკური
პარტიის შექმნას ხომ არ აპირებთ? შეიძლება საზოგადოებამ გიხილოთ ბიძინა
ივანიშვილის გვერდით?
- პოლიტიკური
სიმპატიები ჩემი პირადი საქმეა, მე თქვენ აუცილებლად მიხილავთ, ვიქნები თუ არა
რომელიმე პარტიის ან კოალიციის ლიდერი ეს ცალკე საკითხია. საქართველოში ჯერ
დემოკრატიული არჩევნებია ჩასატარებელი რის
შემდეგაც ყველაფერი გადაწყდება. პოლიტიკაში მოსასვლელი არაფერი მჭირს. მე არასრდოს
დამიტოვებია ის. გირჩევთ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ჩახედოთ, სადაც ჩემი
ხელმოწერაცაა.
internet.ge