აფხაზეთის მარიონეტული
რეჟიმი აცხადებს, რომ მალე ოკუპირებულ რეგიონს ახალი სახელმწიფოები აღიარებენ,
თუმცა ჟურნალისტების კითხვას, როდის მოხდება ეს და ვინ აღიარებს აფხაზეთს, ე.წ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთიბამ პასუხი ვერ გასცა.
მან ზოგადად აღნიშნა, რომ
აფხაზეთი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, კერძოდ, ხინთიბამ, ამ აქტიურობის
დასტურად ექვს ენაზე მომუშავე ინტერნეტ-საიტი “Pro
Abkhazia”
დაასახელა, რომლითაც, სოხუმი აფხაზეთს მსოფლიოს აცნობს.
ჟურნალისტებთან საუბარში
ხინთიბას გალის რაიონთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. მან აღნიშნა, რომ ქართული
მხარე გალში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს.
„ჩვენ გვაქვს
მტკიცებულებები, რომ ბოლო თვეების ტერორისტული აქტები დაიგეგმა და განხორციელდა
საქართველოს სპეცსამსახურების მიერ“ - განაცხადა მან.
ხინთიბას თქმით, ქართული
მხარე ადგენს „დასახვრეტთა სიებს“ - აფხაზ თანამდებობის პირთა სიებს, ასევე გალის
რაიონის იმ მოსახლეობის სიებს, რომლებიც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასთან
თანამშრომლობენ.
მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა რუსეთთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმების
შესახებაც ამცნო ჟურნალისტებს.
„ამ დროისათვის რუსეთსა
და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის უკვე 81 ორმხრივი შეთანხმებაა ხელმოწერილი.
ხელმოსაწერად მზადდება კიდევ 30 დოკუმენტი, რომელთა შორისაა შეთანხმებები
ელექტროენერგიისა და განათლების, ასევე თავდაცვითი მიმართულების შეთანხმებები“, -
განაცხადა ხინთიბამ.
მისივე ცნობით, ტურიზმის
სფეროში გაფორმებული ორმხრივი დოკუმენტების წყალობით აფხაზეთს 2012 წლის საკურორტო
სეზონზე მილიონამდე რუსეთის მოქალაქე ესტუმრა.
Internet.ge