აფხაზეთში განხილვის საგანია სამედიცინო დახმარების
თემა, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობა ქართული მხარისგან იღებს. ერთის მხრივ,
არიან ადამიანები, რომლებმაც იმკურნალეს და სიკვდილს გადაურჩნენ, მეორეს მხრივ კი
ისინი, ვინც ამ ნაბიჯს „ღალატს“ უწოდებენ.
ალექსანდრე ანქვაბმა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
და განაცხადა:
„მე არ შემიძლია ავუკრძალო ადამიანებს ახლობლების დახმარება“.
როგორც ჩანს, ანქვაბისგან მოითხოვენ ისეთი მექანიზმის
დაწესებას, რომელიც სამედიცინო დახმარების მისაღებად ენგურსგამოღმა გადმოსვლას
უკანონობად გამოაცხადებს. თუმცა თავად ანქვაბი ასე არ ფიქრობს:
„ის, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ
უარი არ ვითხრათ ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალოდ საქართველოში წავიდნენ, სულაც არ
ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ვინმეს დავუახლოვდეთ. საუბარია ადამიანების
გადარჩენაზე“- განაცხადა დე
ფაქტო პრეზიდენტმა.
ანქვაბმა ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გაიხსენა,
როცა სოჭსა და კრასნოდარში საავადმყოფოებმა ვერ მიიღეს მცირეწლოვანი პაციენტები და ახლობლებმა ბავშვების საქართველოში
გადაყვანის უფლება ითხოვეს:
„არაფერი დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ
ახლობლებისთვის მიმეცა უფლება ორი ბავშვის ეგურსგაღმა გადაყვანაზე“ - განაცხადა
ანქვაბმა.
მათ, ვინც ასეთი ნებართვების გაცემას კრიტიკულად
უყურებს, სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა იმ ადამიანებთან შეხვედრა შესთავაზა,
რომლებმაც ქართულ მხარეს მიიღეს სამედიცინო დახმარება და დასძინა: „მაჩვენეთ ადამიანი, რომელსაც ეყოფა ვაჟკაცობა
და ასეთ შემთხვევაში „არას“ იტყვის.“
Internet.ge