ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებისთვის მოსკოვს არ შეუთანხმებია გადაწყვეტილება, რომ 24 აპრილიდან როკის გვირაბის ჩაკეტვას აპირებენ. ცხინვალის რეგიონის შესაბამისმა უწყებებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რომ რუსეთი გვირაბის „დიდ რეკონსტრუქციას“ იწყებს.
ცხინვალის საგანგებო საქმეთა ე.წ. მინისტრი ანატოლი
ბიბილოვი ამბობს, რომ მისთვის „უცნობია გადაწყვეტილებაც და ისიც, თუ ვინ მიიღო
ის“. ბიბილოვი აპირებს გაარკვიოს, არატომ არ შეუთანხმეს ეს მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“.
გადაწყვეტილება,
რასაკვირველია, მოსკოვში მიიღეს და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი არ
თვლის საჭიროდ ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩააყენოს.
ცხინვალელებისთვის სიურპრიზია ისიც, რომ რუსეთის გადაწყვეტილებით როკის გვირაბი
3-წლიან რეკონსტრუქციას უნდა დაექვემდებაროს.
შეგახსენებთ, ეს
გვირაბი ცხინვალის რეგიონს რუსეთის ტერიტორიასთან აერთებს.
საინტერესოა ისიც, თუ რომელმა რუსულმა უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური გზების განყოფილება, რომელიც გვირაბის ორივე
მხარეს, როგორც ჩანს, თავის
კომპეტენციად განიხილავს და ოკუპირებულ რეგიონს ალტერნატიულ მარშრუტებსაც თავად
უწესებს.
Internet.ge