სეპარატისტული რეჟიმის ახლადარჩეული ლიდერის მიერ
დანიშნული ე.წ. გენპროკურორის მერაბ ჩიგოევის განცხადება, ერგნეთის ბაზრობის გახსნასთან დაკავშირებით, ცხინვალში აჟიოტაჟის საგანი გახდა.
„სახალხო პარტიამ“ ამ განცხადებას თითქმის მოღალატური
უწოდა. ადგილობრივი „ოსრადიოს“ ცნობით, პარტიამ საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში
აღნიშნა, რომ ჩიგოევი ისე აპირებს სტარტი
მისცეს საქართველოსთან ეკონომიკურ პროექტებს, რომ მისგან „სამხრეთ ოსეთის“
აღიარებას არ ითხოვს.
„სახალხო პარტია“ შიშობს, რომ საქართველოსთან „საერთაშორისო შეთანხმებების“ გაფორმების
გარეშე, სავაჭრო ურთიერთობების დაწყება და ერგნეთის ბაზრობის
გახსნა, ცხინვალის რეგიონში ქართულ სპეცსამსახურებს გაუხსნის
გზას.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“ იუწყებოდა, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მერაბ ჩიგოევმა ერგნეთის ბაზრობის გახსნის იდეას მხარი დაუჭირა.
„შემიძლია მხოლოდ ერთი რამ გითხრათ - დიდი სისულელე იყო ბაზრის დახურვა. იქ ყოველდღიურად ურთიერთობდა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე. ეს იყო მოედანი, სადაც ადამიანები კონტაქტობდნენ და საერთო ბიზნესი ჰქონდათ. გადაწყვეტილება მისი დახურვის შესახებ, თითქმის, ათი წლის წინ იქნა მიღებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს შეცდომა იყო,“ - განაცხადა ჩიგოევმა და
დასძინა, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუკი ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საკითხზე, ქართული და ოსური მხარეები საერთო შეხების წერტილებს გამონახავენ და თანხმობას განაცხადებენ.
Internet.ge