აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭო არ იზიარებს რუსეთის
ნაციონალური ანტიტერორისტული ცენტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ გუშინ,
აფხაზხეთში აღმოჩენილი საბრძოლო მასალა სოჭის ოლიმპიადის ჩასაშლელი
ტერტაქტებისთვის იყო განკუთვნილი.
როგორც ცნობილია, გუშინ აფხაზეთისა და რუსეთის
სპეცსამსახურებმა გუდაუთის რაიონში იარაღის ათობით სამალავი აღმოაჩინეს და 3 პირიც
დააკავეს, მათ შორის რუსტან გიცბა, - ხელმძღვანელი ორგანიზაცია „აფხაზური ჯამაათისა“, რომელიც,
თავის მხრივ, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიის იმამატის“ დაჯგუფებად სახელდება.
იქვე, ანტიტერორისტული კომიტეტი განმარტავდა, რომ სოჭის
ოლიმპიადის ჩაშლას ბოევიკები დოკუ უმაროვის ორგანიზებით გეგმავდნენ, რაშიც უმაროვს საქართველოს სპეცსამსახურები უწევდნენ დახმარებას
და დეტონატორებიც ბომბებისთვის, სწორედ საქართველოდან იგზავნებოდა.
დღეს კი,
ირკვევა, რომ აფხაზური მხარე, რომელიც აქტიურად თანამონაწილეობდა
ტერაქტების აღკვეთის სპეცოპერაციაში, რუსულისგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს.
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ აღმოჩენილი იარაღი არა სოჭის
ოლიმპიადის ჩასაშლელად, არამედ ალექსანდრე ანქვაბის ლიკვიდაციისთვის იყო
გამიზნული, რამდენადაც ეს სამალავები ანქვაბზე ტერაქტის გამოძიებისას იქნა აღმოჩენილი.
„მაშინვე ცხადი გახდა, რომ ბოევიკები არა მარტო კარგად
იყვნენ შეიარაღებულები, არამედ გავლილი ჰქონდათ შესაბამისი მომზადება“ -
განუცხადეს „კომერსანტს“ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოში.
ამასთან, აღნიშნეს, რომ გამოვლენილია გუშინ დაკავებულ ბანდფორმირებასა და ანქვაბზე თავდასხმის
ორგანიზებაში ბრალდებულ ალმასბეი კჩაჩს შორის კავშირიც. დაკავებული რუსტან გიცბა
კი, რომელიც რუსეთმა სოჭში ტერაქტების დაგეგმვის ბრალდებით აიყვანა, აფხაზური
მხარის მტკიცებით,
ანქვაბზე თავდასხმის საქმის გამოა დაკავებული.
სოხუმში აცხადებენ, რომ ნაპოვნი იარაღის სოჭის
ოლიმპიადაზე ტერაქტებისთვის გამოყენების ვარაუდი მოწმდება და ამ მხრივ, რაიმეს მტკიცება ნაადრევია.
internet.ge