ცხინვალის სეპარატისტული
რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უარჰყოფს ქართულ-ოსური კონფლიქის ზონაში ეუთოს მისიის აღდგენის შესახებ რაიმე
მოლაპარაკების არსებობას.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მათეო მეკაჩის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ეუთო ქართულ-ოსური
კონფლიქტის ზონაში მისიის აღდგენას ივლისში გეგმავს, - რაზეც გაზეთი „ვზგლიადი“ 2012 წლის 15 მაისს წერდა,
ცხინვალში აღშფოთება გამოიწვია. სამხრეთ ოსეთში ეუთოს ასეთი გეგმის შესახებ
არაფერი სმენიათ, რადგანაც არანაირი მიმართვა არ ყოფილა და არც მოლაპარაკებები
მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან“ - ნათქვამია განცხადებაში.
მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება
დასძენს, რომ 2008 წლის აგვისტოს „ქართული აგრესიისა“ და რეგიონის „საერთაშორისო აღიარების“ შემდეგ,
აღარც „ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა“ არსებობს. არამედ, სახეზეა, ორ „მეზობელ
სახელმწიფოს“ შორის დაურეგულირებელი ურთიერთობები. „ამიტომ, გაუგებარია, სად
აპირებს ბატონი მეკაჩი ეუთოს მისიის განთავსებას“ - აღნიშნულია განცხადებაში.
იქვე განმარტებულია, რომ 2008 წლის
აგვისტოს შემდეგ, ეუთოს „არ შეეძლო და აღარც მუშაობს სამხრეთ ოსეთში ძველი
მანდატით, ახალი მანდატი კი ჯერ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს მისიის
წარმომადგენლების საქმიანობისა და პოზიციის მიმართ სერიოზული პრეტენზიები
არსებობდა, სამხრეთ ოსეთმა არაერთხელ მიმართა ეუთოს ხელმძღვანელობას, რათა
განეხილათ მომავალი ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს შემდეგ წარმოქმნილი
რეალიებისა და რესპუბლიკის აღიარების გათვალისიწინებით. თუმცა დღემდე,
ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან არანაირი დადებითი რეაქცია არ ჩანს. სამხრეთ
ოსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ ყველა იმ საერთაშორისო
ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც პატივისცემას ამჟღავნებენ სამხრეთ ოსეთის
ხალხისა და შექმნილი პოლიტიკური რეალიების მიმართ“ - ნათქვამია სეპარატისტების
განცხადებაში.
Internet.ge