აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროებისა და შს ორგანოებმა დაადგინეს, რომ 28 მაისს, გალში, კაფე „ზოლუშკაში“ მომხდარი მკვლელობა ქართული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული იყო - იუწყება „აბხაზია ორგ“.
გამოცემა სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ მილიციის მაიორის, ლეონიდ კვიციანიას, მილიციის კაპიტანის დევი ბუავასა და სოფელ ნაბაკევის მკვიდრის გულთაზ ყოლბაიას მკვლელობა „ჩადენილ იქნა საქართველოს რესპუბლიკიდან სპეციალური სამსახურების დავალებით შემოგზავნილი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის წევრების მიერ“. ამავე ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელები „საქართველოდან ჩავიდნენ და ისინი ერთმანეთთან ქართულ ენაზე საუბრობდნენ“.
ამავე კონტექსტში მარიონეტული რეჟიმის უშიშროების ორგანოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „უფრო ადრე, მარტში, აფხაზეთის უშიშროების ორგანოებმა დააკავეს ქართული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის წევრი, საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლევანის ძე რურუა, რომლის ჩვენებითაც წინასწარი გამოძიებისას დასტურდება, რომ მისი ჯგუფი შედგებოდა 4 ადამიანისგან და აფხაზეთში დევი ბუავას ლიკვიდაციის მიზნით იყო შეგზავნილი. ეს ჯგუფი ადრე შედიოდა „ტყის ძმების“ ბანდფორმირებაში, რომელსაც სლავიკ ბიგვავა ხელმძღვანელობდა. ბიგვავა ახლა საქართველოს ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებში მსახურობს. „ტყის ძმების“ წინაშე დასმული იყო აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ლიკვიდაციის ამოცანა“. თუმცაღა 2012 წლის მარტში, როცა აღნიშნული დანაშაული გახსნილად გამოაცხადეს და რურუა დააკავეს, სოხუმი იუწყებოდა, რომ წარმოშობით გულრიფშელი, ბოლო წლებში კი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მცხოვრები რურუა, აფხაზეთში, „სარეისო ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების დაყაჩაღების მიზნით იყო ჩასული“.
28 მაისს მომხდარი თავდასხმის ფაქტზე აფხაზეთის პროკურატურაში გამოძიება გრძელდება.
internet.ge