აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო
საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთიბა ნეიტრალური პასპორტების აღიარებასთან
დაკავშირებით აშშ-ის
გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს. ამის შესახებ მან სოხუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკიდურესად მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ე.წ. ნეიტრალური პასპორტების აღიარება.
ეს კიდევ ერთი სტრატეგიული შეცდომაა ობამას ადმინისტრაციისა მას შემდეგ, რაც ისინი
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“
გამოყენებას დათანხმდნენ“ - განაცხადა ხინთიბამ.
მისი თქმით, ნეიტრალური პასპორტების შესახებ კლინტონის ინიციატივას არაფერი
აქვს საერთო კონფლიქტის დარეგულირებასთან.
ხინთიბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებაში აქვთ ამ პასპორტის
ნიმუში, მაგრამ „ეს ქართული დოკუმენტია, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული,
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ქართული სტრატეგიით გათვალისიწინებული.
მასში გარკვევითაა მითითებული კოდი ქვეყნისა, რომელიც ამ პასპორტს გასცემს. თუკი ამ პასპორტის მქონე
პირი სადმე რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, დიპწარმომადგენლობა, რომელიც მის საკონსულო დაცვას
განახორციელებს, საქართველოსი იქნება. მან ქართულ დიპწარმომადგენლობას უნდა მიმართოს“ - ამბობს ხინთიბა. მისი
თქმით, საუბარია ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებაზე, რომ აფხაზებმა და ოსებმა
ქართული პასპორტები მიიღონ.
Internet.ge