აფხაზეთის ე.წ. სპეცწარმომადგენლად სულ ახლახანს დანიშნულმა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრ ტკაჩოვმა სოხუმში თავისი მოადგილე გაგზავნა.
ნიკოლაი დოლუდა გუბერნატორის მოადგილეობის გარდა ყუბანის კაზაკთა რაზმის ატამანიცაა. როგორც სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, აფხაზეთში დოლუდას ჩასვლა იმითაცაა განპირობებული, რომ ახლა სოხუმის კაზაკთა განყოფილების საანგარიშო-საარჩევნო შეხვედრა უნდა გაიმართოს, ეს განყოფილება კი სწორედ ყუბანის კაზაკთა რაზმის შემადგენლობაში შედის. აფხაზეთში მცხოვრები კაზაკები ანქვაბს „რესპუბლიკაში მიმდინარე დადებითი პროცესების მხარდამჭერებად“ ესახება.
როგორც იტარ-ტასი იუწყება, ანქვაბმა და დოლუდამ ორივე მხარისთვის სასარგებლო ეკონომიკურ თემებზე ისაუბრეს. უახლოეს მომავალში სოხუმსა და კრასნოდარს შორის ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერაც იგეგმება.
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის საკითხი განსაკუთრებულად მწავეა სეპარატისტებისა და მოსკოვისათვის, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ არა მარტო გალის რაიონში მცხოვრები ქართველები, არამედ თავად სოხუმელი აფხაზებიც კი, სამედიცინო დახმარების მისაღებად არცთუ იშვიათად კვეთენ ენგურის ხიდს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქართული მხარე, მათ, გაცილებით ხარისხიან სამედიცინო დახმარებას, ხშირად, საერთოდ უფასოდაც კი სთავაზობს.
Internet.ge