„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ვიღაც ისევ „ურევს“. პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ გარკვეული ძალები „არჩევნების“ მეორე ტურის ჩაშლას გეგმავენ.
თიბილოვი ამბობს, რომ გავრცელებული ხმების თანახმად, თითქოსდა, გარე ზეწოლის შედეგად, მეორე ტურში გასულები კანდიდატურების მოხსნას აპირებენ, ამ ხმებს კი იმ მიზნით ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი 8 აპრილს დაგეგმილ მეორე ტურზე არ მივიდეს საარჩევნო უბნებში.
თავად თიბილოვი, რასაკვირველია, კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. მან 25 მარტს ხმათა უმრავლესობა მიიღო. თუმცა საკუთარ გამარჯვებაზე უკვე საუბრობს მეორე კანდიდატი დავით სანაკოევი, რომელიც აცხადებს, რომ გამარჯვებას არ დათმობს.
სანაკოევს იმედი აქვს, რომ თუ მეორე ტური გაყალბებებისა და ფასლიფიკაციის გარეშე ჩატარდება, რასაც მისი თქმით სწორედ თბილოვის შტაბის მხრიდან პირველ ტურში ჰქონდა ადგილი, „პრეზიდენტის“ სავარძელს სწორედ ის დაიკავებს.
ცხინვალის რეგიონში უკვე მეხუთე თვეა ედუარდ კოკოითის შემცვლელის არჩევას ცდილობენ. ე.წ. არჩევნები რამდენიჯერმე ჩაიშალა და გადაიდო იმის გამო, რომ მოსკოვი ვერ ახერხებს ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობას კრემლისთვის მისაღები კანდიდატურის არჩევა აიძულოს. თუმცა ამჟამინდელი „არჩევნები“ რუსეთმა უკვე „დააზღვია“. მასში მონაწილე ყველა პირი მოსკოვისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია.
Internet.ge