ცხინვალში ჟენევის
დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ, რომლებიც დისკუსიებზე ე.წ. სამხრეთ
ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ.
ჩოჩიევის თქმით, ეუთოს,
გაეროსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეებთან საუბარს რაიმე კონკრეტული შედეგი
არ გამოუღია, თუმცა ოსურმა მხარემ კვლავ დააფიქსირა თავისი პროტესტი სოფელ
ზარდიანთკარში ქართული პოლიციის პოსტის განთავსების თაობაზე.
„გრძელდება სამხრეთ
ოსეთის ტერიტორიაზე უკანონო თვალთვალი, ეს ხდება უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე, რაც არ
შეიძლება არ აშფოთებდეს ჩვენს მოსახლეობას,“ - განაცხადა ჩოჩიევმა და თან დასძინა,
რომ ამ ფონზე, ქართული მხარე ხელს უწყობს ხმების გავრცელებას იმის შესახებ, რომ
სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს, რის გამოც, ჩოჩიევის თქმით, ცხინვალის რეგიონის
მოსახლეობა შეშინებულია.
„ჩვენ გვესმის, რომ
(ზარდაინთკარი) საქართველოს ტერიტორიაა, არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. მაგრამ
ჩვენთვის გაუგებარია ევროკავშირის დამკვირვებელთა პოზიცია, რომლებმაც თავისი
მანდატის თანახმად საქართველოს მხრიდან უნდა უზრუნველყონ სამხრეთ ოსეთის
მოსახლეობის უსაფრთხოება. პოლიციის პოსტის საზღვართან მოახლოებამდე
დამკვირვებლებმა არ შეისწავლეს სიტუაცია და არ გათვალეს სიტუაციის გამწვავების
შესაძლო ვარიანტები,“ - აცხადებს ჩოჩიევი, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული მხარის
მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე „ქცევის წესებს“ ცხინვალი ვერ განსაზღვრავს,
მაგრამ უკმაყოფილებას მაინც აფიქსირებს.
ამასთან, ჩოჩიევმა
განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიები ოსური მხარისთვის არ არის „წმინდა ძროხა“ და თუ
ეს მექანიზმი შეწყვეტს მუშაობას, მისი სანაცვლო ფორმატი მოიძებნება.
Internet.ge