აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ალექსანდრე
ანქვაბის თქმით, გალის რაიონში შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც საქართველოს
მხრიდან მოსალოდნელ დივერსიებზე მოახდენს რეაგირებას. ამის შესახებ ანქვაბმა
პრესკონფერენციაზე განაცხადა. შტაბს უშიშროების სამსახურის რეგიონალური
განყოფილების უფროსი ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაში ყველა ძალოვანი
სტრუქტურის წარმომადგენელი შედის.
გარდა ამისა, ანქვაბის თქმით, გალის რაიონში
მუდმივად იქნება დისლოცირებული სპცდანიშნულების ცენტრი, რომლის რიცხოვნობა დროთა
განმავლობაში უფრო და უფრო გაიზრდება.
„ეს ბრძოლისუნარიანი, კარგად მომზადებული, მძლავრი
ქვედანაყოფია, რომელიც მზად იქნება რეაგირება მოახდინოს ბევრ გამოწვევაზე ქართული
მხარის მხრიდან. სიტუაცია გალის რაიონში ყოველთვის რთული იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი
მეზობლები ენგურს გაღმიდან ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ იქ (გალში)
კვლავ ცუდად იყოს საქმე. და ყველა აქცია, რომელიც სასაზღვრო რაიონში ხდება, ადრევე
იყო დაგეგმილი და არაფერი შემთხვევითი იქ არ მომხდრა. ეს არის აქციები
დასაშინებლად, რომ ეშინოდეს ხელისუფლებასაც და ხალხსაც. ჩვენი საპასუხო ზომები
ადექვატურია. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა გალის რაიონში ვატარებთ პროფილაქტიკურ
ღონისძიებებს და მათ სარგებელი მოაქვს,“ - განაცხადა ანქვაბმა.
ანქვაბმა „საზღვრის“ დაცვასთან დაკავშირებულ
სიახლეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „საზღვრის“ კონტროლი ახალი ტექნიკური და
ელექტროაღჭურვილობით მოხდება, „საზღვრის“ მთელს პერიმეტრზე კი რამდენიმე
ოფიციალური „გამშვები პუნქტი“ მოეწყობა.
ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება, რომ მოსახლეობამ არ ისარგებლოს იმ
„არაოფიციალური“ ბილიკებით, რომლებითაც ქართულ მხარეზე გადასვლაა შესაძლებელი.
ასეთი „წესრიგის დამრღვევები“ ანქვაბის თქმით, მკაცრად დაისჯებიან.
Internet.ge