სოხუმში გამართულ
პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ანქვაბს მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან
დაკავშირებით გამოძიებაზე დაუსვეს კითხვა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში
მოხდა.
მარიონეტული რეჟიმის
ლიდერმა კითხვის ადრესატად პროკურატურა დაასახელა და გამოძიებასთან დაკავშირებით
კონკრეტულად არაფერი თქვა, თუმცა ანქვაბმა განაცხადა, რომ მასზე თავდასხმის შემდეგ
გამომძიებლებმა კარგად იმუშავეს და აღმოაჩინეს ის, „რაც აფხაზეთში, თითქოსდა, არ
არსებობდა“ და „რაც საფრთხეა სახელმწიფოსათვის“.
საუბარია ანქვაბზე
თავდასხმის გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილი იარაღის სამალავზე გუდაუთის რაიონში,
რომელსაც, როგორც მაშინ რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, ისლამისტი
ტერორისტები ანუ „აფხაზური ჯამაათის“ წევრები სოჭის ოლიმპიადაზე ტერაქტების
მოსაწყობად ინახავდნენ.
შემიძლია დარწმუნებით ვთქვა,
რომ სამუშაო პროფესიონალურადაა ჩატარებული. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა ჩვენს
ომისშემდგომ აფხაზეთში და რაც გაკეთებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ,
ვფიქრობ, დადებითადაა შესაფასებელი. პარალელურად, როგორც იცით, გამოვლენილია ისიც,
რაც თითქოსდა აფხაზეთში არ არსებობდა. თუმცა ეს დიდი ხანია არსებობდა, დიდი ხანია
ინერგებოდა აფხაზურ საზოგადოებაში და აფხაზურმა საზოგადოებამ ეს იცოდა, მითუმეტეს
იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ეს ხდებოდა. მაგრამ ალბათ, ჩვენ ყოველივე ამას
მორცხვად თავს ვარიდებდით, თავს ვირწმუნებდით, რომ ეს ჩვენთან არ შეიძლება
ხდებოდეს. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ის სამარხები იარაღითა და
საბრძოლო მასალით, რომელსაც გაეცვნენ ჩვენი მოქალაქეები ტელევიზიით, ამაზე ნათლად
მეტყველებს. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ჩვენი სახელმწიფოსათვის. ვფიქრობ, რომ არცთუ
შორეულ პერსპექტივაში აფხაზური საზოგადოება გაეცნობა ამ მასალებს, რომელიც
გამოძიებას, ოპერატიულ სამსახურებს აქვს და ისინი გაჟღერდება სასამართლო პროცესზე.
მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მასალაა,“ - განაცხადა ანქვაბმა.
Internet.ge