ცხინვალის რეგიონში
ბოლო, 6 თვის განმავლობაში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების უკვე მეოთხე
მცდელობაზე ედუარდ კოკოითის შემცვლელი, როგორ იქნა, მოიძებნა. ის „სამხრეთ ოსეთის“ „კგბ“-ს ყოფილი
ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ლეონიდ თიბილოვია. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო
კომისიამ, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, წუხელვე გააჟღერა მონაცემები, რომლის
თანახმადაც თიბილოვმა 77 საარჩევნო უბანზე ხმების 53, 76% დააგროვა, მისმა
მოწინააღმდეგემ დავით სანაკოევმა კი 42, 99%.
წუხელვე ცნობილი გახდა, რომ სანაკოევმა აღიარა წაგება და თიბილოვის გამარჯვება. ეს
უკანასკნელი უკვე მილოცვებს იღებს, მათ შორის, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგანაც.
თიბილოვმა განაცხადა, რომ მისი პირველი ამოცანა „სამხრეთ ოსეთის“
ხალხის გაერთიანება იქნება. „წინასაარჩევნო“
კამპანიისას თიბილოვმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თანამშრომლობას შესთავაზებს ოპოზიციონერ ალა
ჯიოევას, რომელიც, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ 8 აპრილის არჩევნებს არაკანონიერად
მიიჩნევდა. ჯიოევას თქმით, მასში მონაწილე ყველა კანდიდატი კრემლის ინტერესების
შესაბამისად იყო შერჩეული.
Internet.ge