საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, ლოპოტაში
ჩატარებული სპეცოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დივერსანტების
წინააღმდეგ სპეცოპერაცია ერთგვარი გამოცდა იყო.
„2008 წლის შემდეგ ჩვენები ამ მაშტაბის ოპერაციაზე არ ყოფილან, მინდა
ვთქვა, რომ აშკარა პროგრესია“,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე განვითარებული პროცესები
პროვოკაციის ნიშნებს ატარებდა.
„პროვოკაცია არ გამოუვიდათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური რაღაც
იყო. დამპყრობელს რაიმე სახის საბაბის შექმნა სურდა“,- განმარტა მიხეილ
სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ რელიეფიდან გამომდინარე სპეცოპერაცია ურთულესი
იყო.
„იქ 5 ადამიანი რომ გამაგრებულიყო მათი მოგერიება რთული იქნებოდა იმის
მიუხედავად თუ რამდენ პოლიციელს გადაისვრი. კარგია, რომ ტექნიკური საშაუალებები
გვქონდა, ძალიან ბევრ მდიდარ ქვეყანას ამ ხარისხის სპეცოპერაციის ჩატარება
გაუჭირდებოდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს დაღუპული
თანამშრომლების გამო მწუხარება და აღნიშნა, რომ ისინი საუკეთესოები იყვნენ თავის
საქმეში.
ყვარელში გამართულ თათბირზე მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება
ჩრდილოკავკასიელებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა
მშვიდობიანი ერისთვის გახსნილია.
„ჩვენ მივესალმებით მათ, როგორც სტუმრებს სუფრასთან, როგორც
ტურისტებს, ჩვენ გვინდა მათთან სავაჭრო ურთიერთობები. მაგრამ საქართველო არ
იმყოფება 90-იან წლებში, როდესაც ნებისმიერი ადამიანის გატაცება ადვილად
შეიძლებოდა. ჩვენ თამაზ თამაზაშვილში ავერიეთ ეტყობა, რომელიც შსს-ს სხდომებს
მართავდა მაშინ, დღეს ის კრიმინალია და სასჯელს იხდის“,- განაცხადა სააკაშვილმა.
საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი დაღუპული დივერსანტების
დაკრძალვის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ
მას არავის სიკვდილი არ უხარია, მათიც კი, ვინც საუკეთესო ქართველები სიცოცხლეს
გამოასალმეს.
„ჩვენ მათ დაღუპულებსაც შესატყვისი პატივი უნდა მივაგოთ, ჩვენ არ
ვგავართ რუსეთს. მიცვალებულები მუსულმანური წესების დაცვით უნდა დაიკრძალოს.
internet.ge